სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის და კავკასიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე JICA-ს აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის და კავკასიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მინო სატომ განაცხადა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული „რეგიონული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 2015-2016 წლებში დაგეგმილია კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანიც საქართველოს რეგიონებში კერძო ბიზნესის სტიმულირების მეშვეობით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.
აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში „რეგიონული განვითარების პროგრამის“ პრიორიტეტებად საქართველოში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.
„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო დაინტერესებულია რეგიონში სოფლის მეურნეობისა და სოფლის, ასევე ტურზმისა, მათ შორის ეკოტურიზმის, განვითარებით. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ამ მიმართულებებით შემდგომ გაღრმავებას. პერსპექტიულად მიგვაჩნია, იაპონიისა და საქართველოს კერძო კომპანიებს შორის ურთიერთობების გააქტიურება და მზად ვართ ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები დავგეგმოთ და განვახორციელოთ“, – განაცხადა შეხვედრაზე მინო სატომ.
როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის საინტერესოა იაპონიის გამოცდილების გაზიარება, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სოფლის განვითარების კუთხით. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებულ სტრატეგიაში სოფლის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართლებით აქტიურად მიმდინარეობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობა.
მხარეებმა განიხილეს იაპონიის რეგიონებში აპრობირებული კონცეფციის „ერთი სოფელი – ერთი პროდუქტი“ (One Village – One Product) საქართველოში დანერგვის პერსპექტივები.