იუსტიციის მინისტრმა რუსთავში ეროვნული არქივის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივი, პირველად ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ახალ შენობას აშენებს – რუსთავში თანამედროვე სტანდარტების არქივი აპრილში გაიხსნება, სადაც ქვემო ქართლის რეგიონის საარქივო დოკუმენტები შეინახება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული არქივის შენობა 5-სართულიანია და მისი საერთო ფართი 1558 კვადრატული მეტრი იქნება. აქედან 968 კვადრატულ მეტრზე დოკუმენტების საცავი განთავსდება, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო და კონდიცირების თანამედროვე სისტემებით იქნება აღჭურვილი.
ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში განთავსდება რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკის − სულ 285 000-მდე საარქივო საქმე. ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დოკუმენტები 1920-იანი წლებიდან ინახება. საარქივო დოკუმენტები ასახავს რეგიონის სოფლებისა და ქალაქების სოციალურ და კულტურულ ყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებს, დემოგრაფიულ მონაცემებს, ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას.
საარქივო მასალები, ასევე, მოიცავს ინფორმაციას ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებების, ფაბრიკა-ქარხნების, თეატრებისა და კულტურის სახლების, საავადმყოფოების, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციების შესახებ. არქივში დაცულია ბორჩალოს მაზრის რევოლუციური კომიტეტის მასალები, რომელიც 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლას ასახავს. ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულია ამ მხარის ცნობილი პედაგოგების, პოეტების, მსახიობების, აგრონომების, ინჟინრებისა და სხვა პროფესიის ადამიანების პირადი ფონდები.
შენობა რუსთავში, იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს, მეგობრობის გამზირისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთაზე მდებარებს.