საკრებულოში არქიტექტურული სამსახურის ანგარიში მოისმინეს
დედაქალაქის საკრებულოში მერიის საქალაქო სამსახურების მოსმენა გრძელდება. წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურული სამსახურის ანგარიში მოისმინეს.
ფრაქციის სხდომაზე, სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ, ამავე სამსახურის მიერ გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.
საკრებულოს ინფორმაციით, პრეზენტაციაში ქალაქის სტარტეგიული განვითარების განახლებული გეგმა და თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერელური გეგმის კორექტირების სქემა დეტალურად იყო წარმოდგენილი.
ნინო ღოღობერიძემ სხდომაზე თბილისში მომავლის ქალაქის განხორციელების იდეის, დედაქალაქის ინფრასტრუქტურული რუქისა და ელექტორნული არქივის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამსახურში საქმისწარმოება უკვე ელექტორონული სახით მიმდინარეობს, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. არქიტექტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, დღეის მდგომარეობით არსებული სიტუაციის მიხედვით, აღნიშნული სამსახური სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან დედაქალაქის კონტროლის მექანიზმებს, თბილისში გაყიდული მიწის ნაკვეთებისა და გზების არსებობა ართულებს.
თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სამსახური მაინც ახერხებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას და ამ მიმართულებით უფრო კონკრეტული სამომავლო ხედვებიც გააჩნია.
საკრებულოს ცნობით, სხდომაზე აგრეთვე სამომავლო პროექტები, განაშენიანების რეგულირების გეგმები და ქალაქგეგმარების კვლევებიც იქნა წარმოდგენილი, რომლებიც არქიტექტურის სამსახურმა დარგობრივი მიმართულებით განახორციელა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და ფრაქციის სხვა წევრებმა, დადებითად შეაფასეს არქიტეტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და გარკვეული რეკომენდაციები და მოსაზრებები გამოთქვეს.
შეკითხვები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა. მათ შორის, ისეთ მიწის ნაკვეთებსა და მშენებლობებს, რომლებზეც ნებართვა წინა მთავრობის მიერ იყო გაცემული და დეპუტატების თქმით, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.
ფრაქციის წევრები ასევე, არქიტექტურის სამსახურისა და კულტურული ძეგლების დაცვის სამსახურების კოორდინაციის ხარისხით, ასევე ძველი ქუჩებისა და ე.წ იტალიური ეზოების რეაბილიტაციის საკითხითაც დაინტერესდნენ და აღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრების გარდა, კოალიიცის შემადგელობაში შემავალი სხვა ფრაქციების წევრები და სსიპ არქიტექტურული სამსახურის ქალაქგეგმარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ნემსაძე ესწრებოდნენ.