სახალხო დამცველი გამომძიებლის მიმართ სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი გ.გ. ბრალდებულ გ.ო.-ს წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2013 წლის 14 თებერვალს 13:20 საათიდან 15:10 საათამდე აწარმოებდა მოწმე ლ.გ.-ს დაკითხვას, ხოლო 14:50 საათიდან 15:28 საათამდე მოწმე გ.გ.-ს. დაკითხვის ოქმებში მითითებული არ არის დაკითხვის გადადების ან შესვენების გამოცხადების შესახებ.
„ამასთან, მოწმეთა დაკითხვის ორივე ოქმზე გამომძიებელი გ.გ. თავისი ხელმოწერით ადასტურებს, რომ 2013 წლის 14 თებერვალს ოცი წუთის განმავლობაში (14:50 საათიდან 15:10 საათამდე) ორი მოწმის დაკითხვას ერთდროულად აწარმოებდა, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევას. თითოეული ადამიანის უფლებაა, ერთი მხრივ, მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდებოდეს კანონდარღვევების გარეშე, ხოლო მეორე მხრივ ყველა მოქალაქის უფლებაა, სამართალდამცავი პირები თავიანთ საქმიანობას ახორციელებდნენ კანონის განუხრელი დაცვით. რაც საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, ბრალდებულ გ.ო.-ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში არ იქნა შესრულებული თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის გ.გ.-ს მიერ, რაც შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი“, – განმარტავენ სახალხო დამცველის აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები