„საზმაუს ბორდის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტები არ იყო გამჭვირვალე“

  2005 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტები არ იყო გამჭვირვალე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსების დარგში ადასტურებს, რომ 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მილიონ ლარამდე ღირებულების სარეკლამო დრო იყიდა, თანხა პარტიამ სრულად მხოლოდ 2011 წელს დაფარა. ბუნდოვანია ხარჯები, ისეთი როგორიცაა: ავტომობილებით მომსახურების შესახებ გაფორმებული კონტრაქტი (მომსახურების ღირებულება შეადგენდა 2 მლნ. ლარს). ტელეკომპანია “პიკისთვის” განკუთვნილი ბიუჯეტი, საიდანაც კომპანიის დირექტორს, ბ-ნ რობერტ პარსონსს ხელფასის სახით, წინმსწრებად ერიცხებოდა 15 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. გარდა ამისა, ყოველთვიურად, წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის სოლიდური თანხები ირიცხებოდა მენეჯმენტის სახელზე არსებულ ბიზნეს ბარათებზე; ათასობით ლარია გახარჯული არამიზნობრივ ტრენინგებზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსების დარგში ადასტურებს, რომ 2010 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის გაიხარჯა 2 მილიონ ლარამდე, მაშინ როცა 2013 წელს ევროვიზიის ხარჯმა 250 ათასი ლარი შეადგინა.
გასული წლების განმავლობაში 2005 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტები არ იყო გამჭვირვალე. ბიუჯეტები არ არის გაწერილი თვეების მიხედვით. წლების განმავლობაში დაგროვებული სხვადასხვა ტიპის დავალიანების, არამიზნობრივი ხარჯებისა და ბუნდოვანი ბიუჯეტების მიუხედავად, სამეურვეო საბჭოს, რომელიც თავად განსაზღვრავს მაუწყებლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, პრეტენზია გენერალურ დირექტორებთან არ ჰქონია”, – ნათქვამია მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები