„მთავრობამ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“
„მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,“ – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურმა დირექტორმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში მარი–პიერ პუარიემ საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის განხილვაზე განაცხადა.
ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა. მან UNICEF-ს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის, ეფექტური პოლიტიკის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ქვაკუთხედს სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს.
მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესულ მხარესთან, რათა უზრუნველყოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების მეტი ხარისხი. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბავშვთა დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. იგი ასევე შეეხო პრობლემებს, რომლებიც დაუყონებლივ რეაგირებას მოითხოვს.
“კრიზის-ცენტრების დაარსება მოიაზრება ხელისუფლების მიერ, როგორც კრიტიკული მნიშვნელობის აუცილებლობა, რათა გადაიჭრას მიუსაფარი, ე.წ. ქუჩის ბავშვების პრობლემა. ამ კრიზის-ცენტრების საქმიანობა ორიენტირებულია რეაბილიტაციასა და საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შექმნაზე ,ბავშვთა ინტერესების შესაბამისად. ეს ინსტიტუტები უზრუნველყოფენ მიუსაფარ ბავშვებს სარეაბილიტაციო მომსახურებითა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციით. საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს იძულებით გადაადგილებული ბავშვების დასახმარებლად და მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველსაყოფად სხვადასხვა გზებით, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამების გაფართოებითა და ყოვლისმომცველი სტრატეგიის განხორციელებით. მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა არის მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება შინ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურმა დირექტორმა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა, გააორმაგა სოციალური შეღავათები და გაზრდა პენსიები. „თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბავშვია სოციალურად დაუცველი, ესენია: სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები,“ – განაცხადა მარი–პიერ პუარიემ.