სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება
4 მარტიდან ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება, რომელიც თითოეული დასახლების მიხედვით შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიების შედგენას ითვალისწინებს. რეგიონული განცითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამისთვის „საქსტატმა“ 230 რეგისტრატორი მოამზადა, რომელიც ზემოაღნიშნულ სამუშაოებს 14 დღის განმავლობაში ჩაატარებს. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსამზადებელი სამუშაოები 5 მარტს დასრულდება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა აჭარის, გურიის, კახეთის, სამეგრელოს რეგიონებსა და დედაქალაქში. ოჯახების სიების შედგენა 20 მარტიდან ქვემო ქართლის რეგიონში გაგრძელდება, ხოლო აპრილში აღწერის მოსამზადებელი ეტაპი იმერეთის რეგიონით დასრულდება. საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე სულ 4 ათასი ადამიანი დასაქმდება. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. ამისათვის შეირჩევა 15 ათასამდე ადამიანი, რომელიც მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს.