"ქართული ოცნება" გარდაბნის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკატიული საქართველოს” გარდაბანში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტიის ზოგიერთმა წევრმა, მხარდამჭერმა თუ ნებისმიერმა სხვა პირმა ისარგებლა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სახელით და თავისი დესტრუქციული, პროვოკაციული მოქმედებით პარტიის ავტორიტეტსა და ინტერესებს ზიანი მიაყენა. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების ასეთი მოქმედება ბადებს სერიოზულ ეჭვებს – თუ ისინი არიან პარტიის ნამდვილი გულშემატკივრები, რატომ აძლევენ ოპონენტებს იმის შესაძლებლობას, რომ მათ თავი დაჩაგრულად წარმოაჩინონ.
“სულ ცოტა ხნის წინ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგანგებოდ მიმართეს საზოგადოებას და გამოაცხადეს პარტიისა და მისი სტრუქტურების განახლების ახალ ეტაპზე გადასვლა. პარტიამ ახალი ძალით დაიწყო მუშაობა, რამდენიმე რეგიონში უკვე ჩაატარა პარტიული კონფერენციები, შეხვდა პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ შეხვედრებში და თავისი წვლილი შეაქვთ პარტიის განახლებასა და გაძლიერებაში. ამ ვითარებაში სრულიად მიუღებელია ის, რაც გარდაბანში მოხდა. პარტიის ზოგიერთმა წევრმა, მხარდამჭერმა თუ ნებისმიერმა სხვა პირმა ისარგებლა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სახელით და თავისი დესტრუქციული და პროვოკაციული მოქმედებით პარტიის ავტორიტეტსა და ინტერესებს ზიანი მიაყენა. ამ ადამიანების ასეთი მოქმედება ბადებს სერიოზულ ეჭვებს – თუ ისინი არიან პარტიის ნამდვილი გულშემატკივრები, რატომ აძლევენ ოპონენტებს იმის შესაძლებლობას, რომ მათ თავი დაჩაგრულად წარმოაჩინონ. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება და ანგარიშსწორება კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ პოლიტიკას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუ დადგინდა, რომ მომხდარში მონაწილე პირები ნამდვილად პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრები არიან, ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის უმკაცრეს რეაგირებას”,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. გუშინ გარდაბანში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენცია უნდა გამართულიყო, „ნაციონალების“ მომხრეები და მოწინააღმდეგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე 2 პირი დააკავეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ჩხუბი “ქართული ოცნების“ წევრებმა დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები