სურსათის სააგენტო კერძო საბავშვო ბაღების შემოწმებას იწყებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მუნიციპალურის შემდეგ, კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას იწყებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს ინსპექტირება ჩატარდა თბილისის 62, შიდა ქართლის 27 და ქვემო ქართლის 46 ბაღში. მათივე ინფორმაციით, 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო გურიაში დაჯარიმდა ექვსი ბაღი. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში სასადილოში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო გაიცა რეკომენდაციები, ხოლო ერთ-ერთ მუნიციპალურ ბაღში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვადაგასული კვერცხი აღმოაჩინეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, დღეისათვის ინსპექტირებისათვის შეფასებულია 353 ბაგა-ბაღი. 16 მარტისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველო დაასრულებს ქალაქის 159 მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებას, რის შემდეგაც დაიწყება კერძო ბაღების მონიტორინგი. ინსპექტირებისათვის უკვე შეფასებულია 78 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კვების ბლოკი. მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგები ცხადყოფს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, თუმცა, ზოგიერთი ბაღის კვების ბლოკში კვლავ პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რის გამოსასწორებლადაც მათ კონკრეტული ვადები აქვთ დადგენილი. სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებზე კონტროლს პერმანენტულად განახორციელებს, კერძო ბაღების მფლობელებს კი მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კანონმდებლობის შესაბამისად, 500 ლარით დაჯარიმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები