პრობაციონერები სხვადასხვა რეგიონში დასაქმდნენ

შიდა ქართლის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროების ძალისხმევით, კიდევ ცხრა პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და მათ ოჯახებს სტაბილური შემოსავალი გაუჩნდათ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული ნ. გ, პირობითი მსჯავრის მოსახდელად, აღრიცხვაზე შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში დადგა. რისკებისა და საჭიროებების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მისი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს სოციალურად დაუცველის შემწეობა წარმოადგენდა.
პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, ნ. გ. დასაქმდა ხაშურში მოქმედ ხე-ტყის გადამამუშავებელ საამქროში, სადაც მისი ხელფასი 900 ლარს შეადგენს. პირობით მსჯავრდებულ ე. ა-ს მრავალიცხოვანი ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის რეალიზებით მიღებული თანხა წარმოადგენდა. სოციალურად დაუცველი პრობაციონერი ბიუროს წარმომადგენლებს დასაქმებაში დახმარებას სთხოვდა. პრობაციის ოფიცრის შუამდგომლობით, ე. ა. დასაქმდა ქარელში მდებარე პურის საცხობში, სადაც თვეში საშუალოდ 350 ლარს გამოიმუშავებს. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, ცენტრალური ავტომაგისტრალის რუისი-აგარას მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დასაქმდა პრობაციონერი კ. დ., რომლის დღიური ხელფასი 28 ლარს შეადგენს. მარცვლეულის გადამზიდავ კომპანიაში მუშად დაიწყო მუშაობა პირობით მსჯავრდებულმა გ. კ-მ.
გარდა 250–ლარიანი ხელფასისა, დამსაქმებელი კომპანია პრობაციონერს კვების ხარჯებსაც აუნაზღაურებს. კახეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, კერძო ფერმერებთან დასაქმდნენ თელავის პრობაციის ოფისში აღრიცხვაზე მყოფი ლ.თ. და ც. რ. თითოეული მათგანის ხელფასი შეადგენს 200 ლარს. კერძო ფერმერთან დასაქმდა ახმეტის პრობაციის ოფისში აღრიცხვაზე მყოფი ზ. ბ–ც. მისი ხელფასი შეადგენს 300 ლარს. სამივე დასაქმებული პრობაციონერის კვების ხარჯებს დამსაქმებელი უზრუნველყოფს.
კახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, სამშენებლო კომპანია ,,მოდერნში”-ში მუშად აიყვანეს გურჯაანში აღიცხვაზე მყოფი პრობაციონერი ს. ბ. მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 700 ლარს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, სენაკის რაიონში არსებულ ავტოსამრეცხაოში დასაქმდა პ. თ. რომელიც ყოველთვიურად 400 ლარს გამოიმუშავებს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, 2013 წელს დასაქმდა 124, 2014 წელს – 145, მიმდინარე წელს კი – 21 პირობით მსჯავრდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები