სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების ნიმუშები გამოსაკვლევად ლაბორატორიას გადაუგზავნა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში რამდენიმე საწარმოდან ხორცპროდუქტების ნიმუშები აიღო და კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაუგზავნა. სააგენტოს ცნობით, გაყინულ ნახევარფაბრიკატებში ლისტერია მონოციტოგენეზისა (Listeria monocytogenes) და სალმონელას (Salmonella) არსებობის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ – საქართველოს ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და სამედიცინო ეკოლოგიური ასოციაციის ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრებმა გაავრცელეს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, “ლისტერია მონოციტოგენეზი” პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც საშიშია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ინფექციური დაავადება სალმონელოზი უმეტესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფარშის, პელმენისა და ხინკლის ნიმუშები აიღეს თბილისში, შპს “პროგრესი ალვანის”, შპს „გემოს“, შპს „რაჭას“, შპს „გიოს“ საწარმოებიდან; ასევე ხაშურში – შპს „პინოსა“ და ახალციხეში – საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგები 7-10 დღის შემდეგ გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ. მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაგეგმილი აქვს 900 ნიმუშის კვლევა სალმონელაზე, ხოლო 500-ის – ლისტერიაზე, თუმცა, რისკებიდან გამომდინარე, საკვლევი ნიმუშების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები