„მსოფლიო ბირჟებზე რუსული კომპანიების ფასი დაეცა“
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე რუსეთის საფონდო ბირჟაზე რუბლის ნიშნულის რეკორდულ ვარდნას ეხმაურება და ფეისბუქის გვერდზე მოსაზრებას სტატუსის სახით აქვეყნებს. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რუსეთის საფონდო ბაზარმა კრახი განიცადა. მისივე თქმით, მსოფლიო ბირჟაზე რუსული კომპანიების ფასი დაეცა და შესაბამისად რუსული რუბლიც მკვეთრად დაეცა.
„რუსეთის საფონდო ბაზარმა კრახი განიცადა. ორი ბირჟიდან ერთში აქციების ფასმა 10,79 პროცენტით იკლო, მეორეში 12,01 პროცენტით. მსოფლიო ბირჟებზეც დაეცა რუსული კომპანიების ფასი (შემნახველი ბანკის- 18 პროცენტით). რუსული რუბლიც მკვეთრად დაეცა, რის გამოც რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა დაეხარჯა რეზერვებიდან უზარმაზარი თანხა, 10 მილიარდი დოლარი ვარდნის შესაჩერებლად. ყოველივე ეს ხდება მხოლოდ დასავლეთის ლიდერების განცხადებების და ყირიმის მოვლენებისადმი ფსიქოლოგიური რეაგირების ფონზე. რელური ეკონომიკური პროცესები მოგვიანებით იწყება ხოლმე. რუსეთმა თავის მხრებზე აიკიდა ყირიმში “პრივატიზებული” სამხედრო ობიექტებისა და გადმობირებული მოსახლეობის შენახვის (ეკონომიკის სუბსიდირების) ხარჯები. სტატუს კვოს აღდგენამდე მრავალი თვე ( სულ მცირე ) გაივლის. რუსეთის ეკონომიკას მსგავსი აქციის განხორციელების რესურსი არა აქვს. რა მოხდება მომავალში დამოკიდებულია მოვლენების ძალისმიერი თუ მცოცავი სცენარით განვითარებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთს მძიმე პერიოდი ელის“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.