საქართველოს სომეხი მხატვრების სამენოვანი ალბომის პრეზენტაცია გაიმართება
6 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მXX საუკუნის მეორე ნახევარის მოღვაწე სომეხი მხატვრების ალბომის „ტფ(თბ)ილისი – ახალი ბაბილონი“ პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი – სოფიო შამანიდი, სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ჰოვჰანეს მანუკიანი, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში პირველი მდივანი არტაკ კალაჩიანი, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ირენა ოგანჯანოვა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ალბომი ინგლისურ, ქართულ და სომხურ ენებზე გამოიცა და მასში შესულია XX საუკუნის მეორე ნახევარის თაობის ყველაზე ცნობილი სომხური წარმოშობის ხუთი ოსტატის – ლევ ბაიახჩევის, ალნერტ დილბარიანის, რობერტ კონდახსაზოვის, გაიანე ხაჩატურიანის, ზულეიკა ბაჟბეუკ–მელიქოვას შემოქმედების მიმოხილვა. „ტფ(თბ)ილისი – ახალი ბაბილონში“ ცნობილი ნამუშევრების გვერდზე წარმოდგენილია მხატვრების ისეთი ნამუშევრები, რომლებიც არასდორს გამოქვეყნებულა კატალოგებში და არ გამოფენილა საქართველოს ტერიტორიაზე.
ალბომში შესულია ნამუშევრები საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებიდან, მათ შორის საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, სომხეთის ეროვნული გალერეებიდან და სხვა. ალბომი აგრეთვე მოიცავს ნამუშევრებს გივი ფარასტაშვილის, არჩილ დარჩიას, ნუნუ ბენდუქიძისა და შალვა ისაკაძის კოლექციებიდან, ნახატებს ალბერტ დილბარიანის, ლევ ბაიახჩევის, რობერტ კონდახსაზოვის ოჯახებისა და ზულეიკა ბაჟბეუკ–მელიქოვას, მიგრან დილბარიანის, მადლენ ყუშიტაშვილისა და მერი გურგენიძის საკუთრებიდან. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და კულტურულ–საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნ“-ის ეგიდით.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ირენა ოგანჯანოვაა. პროექტის კოორდინატორი ჟანა სარუხანოვა; ტექსტის ავტორი დავით ანდრიაძე; მთარგმნელი სომხურ ენაზე ანაიდა ბოსტანჯიანი; მთარგმნელი ინგლისურ ენაზე ლალი გეგეჭკორი; სარესტავრაციო ჯგუფი: ნანა ლეკვეიშვილი, თათია ბაკურაძე, გია აფციაური; ფოტოგრაფი იური აკულიანი; ალბომის დიზაინერი და დამკაბადონებელი ირაკლი ხუციშვილი; ასისტენტი ნინო ლომინაძე.