ანდრო ბუაჩიძის რჩეული თარგმანების წიგნის – „დიდი თანავარსკვლავედი“ პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ანდრო ბუაჩიძის რჩეული თარგმანების წიგნის „დიდი თანავარსკვლავედი“ პრეზენტაცია გაიმართება. „კრებულში თავმოყრილი ლექსების თარგმნა მსოფლიო პოეზიის შეცნობის თანამდევი პროცესი გახლდათ. ვთარგმნიდი იმას, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე. იყო შეკვეთებიც, ცალკეული კრებულების შედგენის პროცესიც, მაგრამ არჩევანის გაკეთების საშუალება ყოველთვის მქონდა. არჩევანს არც დრო განსაზღვრავდა, არც ეპოქა და არც სხვა რომელიმე გარეგანი ფაქტორი. თავიდათავი ლექსის ემოციური ზემოქმედება იყო. ის ლექსი მხიბლავდა, რომელიც ძალდაუტანებლად შემოაღწევდა ჩემში“, – ამბობს ავტორი. დასწრება თავისუფალია.