სპექტაკლის „2 +2 =2“ პრემიერა გაიმართება

7 და 8 მარტს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში სპექტაკლის „2 +2 =2“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი ბრაზილიელმა ხელოვანმა როდრიგო ფიშერმა დრამატურგ ანტონინ მარტოსთან (ირაკლი კაკაბაძე) და ახმეტელის თეატრის ოთხ მსახიობთან ერთად განახორციელა.
როდრიგო ფიშერი – ბრაზილიელი ხელოვანი, მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი და გამნათებელი, ახალი აუდიოვიზუალური ენისა და ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს ჰიბრიდული კვლევის ინტერფეისს კინოსა და თეატრზე. თავის ნამუშევარში – „2 +2 =2“ ფიშერი ახმეტელის თეატრის ოთხ მსახიობთან ერთად წარმოადგენს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას – იდენტობის პრობლემას, სპექტაკლში პასუხი უნდა გაეცეს ეგზისტენციურ კითხვას – აქვს თუ არა ადამიანს უფლება იყოს ოჯახის საყვარელი ცხოველი?
7 მარტს, 19:00 საათზე არატრადიციული თეატრალური დადგმის მეშვეობით ბრაზილიელი ხელოვანი ახმეტელის თეატრში სვამს კითხვას – კატაა ადამიანი? ანუ რამდენად მყარია ადამიანის იდენტობა … 21- ე საუკუნეში ადამიანმა გადალახა გენდერული, ეროვნული, ეთნიკური სტერეოტიპები, მაგრამ არის კი ის თავისუფალი ნების მატარებელი არსება? „2 +2 =2“ ექსტრაორდინარული პროექტია იმ თვალსაზრისითაც, რომ ტექსტზე დრამატურგ ანტონინ მარტოსთან (ირაკლი კაკაბაძე) ერთად თავად რეჟისორი და მსახიობები მუშაობდნენ, ტექსტი სოციალური, ფილოსოფიური და ინტერნაციონალურია. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. პროექტის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო. პროექტის პარტნიორია „ტრანსცენდ-საქართველო“ და მაჰათმა განდის ფონდი. სპექტაკლში მონაწილეობენ: ანდრია გველესიანი, სოფია სებისკვერაძე, გიგი მიგრიაული, გიორგი ცხადაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები