“თავისუფალი თაობა” ბოკერიას, სააკაშვილისა და ახალაიების კუთვნილებაში არსებული სასახლეების ფოტომასალას ასაჯაროვებს
„თავისუფალი თაობა” გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილისა და ახალაიების კუთვნილებაში არსებული სასახლეების ფოტომასალას ასაჯაროვებს.
ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ რამდენიმე დღის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და პროკურატურაში განცხადებაც შეიტანა, საუბარი იყო გოგა ხაჩიძის გარემოს დაცვის მინისტრობის პერიოდში უკანონოდ გაჩეხილ წყნეთის ტყე-პარკთან დაკავშირებით, სადაც ნაცმაღალჩინოსნების სასახლეები წამოიმართა. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ახალაიებისა და გიგა ბოკერიას სახლებია, თუმცა ბოკერიას მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა წყნეთში მათი სახლის არსებობა უარყო.
„თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სწორედ ბოკერიების ოჯახის კუთვნილებაში არსებული სასახლის ფოტოს აქვეყნებს.
„რაც შეეხება ახალაიების ვილას, „თავისუფალმა თაობამ“ კიდევ ერთხელ გადაამოწმა, თუ ვის კუთვნილებაშია აღნიშნული შენობა-ნაგებობა. როგორც დადასტურდა, სასახლე, რომელშიც ახალაიები ბინადრობენ, დღეს დათა ახალაიას სიმამრის, ბატონი ბენიძის კუთვნილებაშია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული ქონება მოძალადე ახალაიების კლანს ეკუთვნის. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, მართლაც რომ მდიდრული სასახლე, ცნობილ ვერსალს რომ არაფრით ჩამოუვარდება, „ვისოლის“ ხელმძღვანელის, ბატონი ფხაკაძის დაკვეთით შენდება, რაც საერთოდ არ ყოფილა მოულოდნელი, ვინაიდან საქართველოში სააკაშვილის აქტივების ხელმძღვანელი სწორედ ფხაკაძეა, რომელსაც თამამად ვუწოდებთ სააკაშვილის კარის ბიჭს.
„თავისუფალი თაობა“ სამომავლოდ გეგმავს „ნაცმოძრაობის“ სხვა მაღალჩინოსნების – უგულავას, მერაბიშვილის, თარგამაძის საკუთრებაში არსებული სასახლეების გასაჯაროვებას, რათა საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ქონება მიიტაცა ყოფილმა ხელისუფლებამ“, – აცხადებენ „თავისუფალ თაობაში“.