საკრებულოს თავმჯდომარემ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა 1921 წლის 25 თებერვალს გმირულად დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგეს და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ის გმირები, რომლებიც საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცნენ, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაივიწყოს. „დღეს ქართული ერის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა.
94 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ასეთი დღეები ბევრი ახსოვს ჩვენს სამშობლოს და ყოველი მათგანი გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და ერთიანად უნდა მოვიგერიოთ მტერი. როდესაც თითოეულ ჩვენთაგანში ეროვნული ინტერესები წინ იქნება წამოწეული, საქართველო ყველა განსაცდელს გაუძლებს“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
დღესვე, თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში, გმირულად დაღუპულ იუნკერებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები