“ქადაგიძის „მოხერხებულობამ” გაამართლა და საზოგადოება ლარის გაუფასურებამ ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყო”

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი ლარის კურსის დაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადამაშვილი აღნიშნულს, “დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაციის დასაწყისს” უწოდებს და ეროვნულ ბანკს სიტუაციის კონტროლისკენ მოუწოდებს. “კვირა” პოზიციის ხელმძღვანელის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“ლარის კურსი დღითიდღე ეცემა, რომლის გაუფასურებაც პირველ რიგში სოციალურად დაუცველ და საშუალო ფენაზე აისახება. როდემდე?! მიეცით საზოგადოებას სწორი ინფორმირების საშუალება!!! ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე!!! შეაჩერეთ ადამიანები, ვინც სახელმწიფოს ნგრევაში იღებენ მონაწილეობას!!! რატომ არ სვამთ კითხვას, ვინ არის ეროვნული ვალუტის ინფლაციაზე პასუხისმგებელი? რატომ არ გვინდება კითხვა, ვინ თესავს საზოგადოებაში პანიკას და ვის აწყობს ამ სიტუაციის პოლიტიზირება? ეს არის შორსგამიზნული და კარგად დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაციის დასაწყისი. როდემდე უნდა დაზარალდეს საზოგადოება კულისებს მიღმა დაწერილი სცენარებით?! ეს ხომ საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, რომელიც პირდაპირ წნეხის ქვეშ აყენებს სოციალურად დაუცველ და სასაშუალო ფენას?! ეს პროცესები ეროვნულმა ბანკმა უნდა აკონტროლოს და მოსალოდნელი ინფლაციის შესახებ სტრატეგიული პოლიტიკაც სწორედ მან უნდა განსაზღვროს. ეროვნული ბანკი ვალდებულია, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ქვეყანაში ჭარბი დოლარის შემოდინების შემთხვევაში, უცხოური ვალუტა, დოლარი შეიძინოს და ეს რეზერვი, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს. ვინმეს დაუსვავს კითხვა, რატომ არის შეუცვლელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და რატომ არ ხდება მისი კანონის შესაბამისად დასჯა? ეროვნულმა ბანკმა წინასაახალწლოდ ვერ შეძლო ლარის კურსის კატასტროფულად დაცემის პროცესის შეჩერება, რადგანაც უცხოური ვალუტის რეზერვი, რომელიც ეროვნულ ბანკს ჰქონდა, შეგნებულად არ გამოიყენა. მან დოლარის კურსი გაზარდა, და ლარის გაუფასურება მოახდინა, საზოგადოებას უცხოური ვალუტა ძვირად მიყიდა და ეროვნული ვალუტის „ამოქაჩვა” მოახდინა, უცხოეთში სამუშაოდ გადახვეწილი ქართველების მიერ გამოგზავნილი „გროშები” ეროვნულმა ბანკმა ისევ სათავისოდ გამოიყენა და ამ პროცესების გამო, დოლარის კურსის მომატებამ და ლარის დაცემამ, ფასების ზრდა და საზოგადოების უკმაყოფილებაც გამოიწვია. ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტების სადავეები ეროვნული ბანკის ხელშია. ყოფილი ხელისუფლების უკანონო და უსამართლო პოლიტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, გიორგი ქადაგიძე კი ისევ ეროვნული ბანკის პრეზიდენტია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, ვინ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – რომლის კარიერაც „სახალხო ბანკში” („ლიბერთი ბანკი”) გიორგი გოგუაძესთან ერთად დაიწყო. „სახალხო ბანკის” იმჟამინდელმა მმართველმა გიორგი გოგუაძემ, გიორგი ქადაგიძე სახალხო ბანკის სათავო ოფისის საკრედიტო განყოფილების თანამშრომლად დანიშნა. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი, როდესაც ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის მერი იყო, ქადაგიძე თბილისის მერიის საფინანსო განყოფილებაში დაინიშნა. გიორგი ქადაგიძე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ახლო მეგობარია. როგორც კი გიგი უგულავა თბილისის მერად დაინიშნა, მიხეილ სააკაშვილმა ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნა. გიორგი ქადაგიძეს, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კანონით ევალებოდა ნებისმიერი ბანკის უფლებების დაცვა, თუ საჭირო გახდებოდა, ხელისუფლების ზეწოლისგანაც უნდა დაეცვა ისინი, მაგრამ მოხდა პირიქით, გიორგი ქადაგიძე ხელისუფლებასთან ერთად აშანტაჟებდა კერძო ბანკების მეპატრონეებს. უფრო კონკრეტულად კი მოგიყვანთ მაგალითს: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „სახალხო ბანკის” მეწილეებს ირინა ჯინჭარაძესა და გოგი ბურჭულაძეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება აიძულებდა ბანკის წილი დაეთმოთ, ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. გიორგი ქადაგიძის სახელს ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი „სტანდარტ ბანკის” გაკოტრებაც უკავშირდება. მან, ხელისუფლების დაკვეთით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ „სტანდარტ ბანკში” დროებით მმართველად თავისი ყოფილი უფროსი და მეგობარი, „სახალხო ბანკის” გენერალური დირექტორი გიგი ღლონტი შეუშვა. ბანკი გაკოტრდა და ქადაგიძემ, ღლონტმა და „ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლებმა ქონება ხელში კაპიკებად ჩაიგდეს. პარადოქსია, რომ ეროვნული ბანკი, რომელიც ხელისუფლების ზეწოლისგან არათუ იცავს კერძო და კომერციულ ბანკებს, არამედ პირიქით, თავად არის ზეწოლის უშუალო ორგანიზატორი და შემსრულებელიც, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნულმა ბანკმა შეგნებულად და მიზანმიმართულად მოახდინა, ლარის გაუფასურება და ინფლაცია. სინამდვილეში, ეროვნულ ბანკს ჰქონდა უცხოური ვალუტის რეზერვი. ქადაგიძის „მოხერხებულობამ” გაამართლა და საზოგადოება ლარის გაუფასურებამ ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყო. რეალობა კი ასეთია: „ნაციონალური მოძრაობის” მიერ 9 წლის განმავლობაში მოპარული სოლიდური თანხები, რომელიც ოფშორულ ზონაში „გადაქაჩეს”, რის საფუძველზეც შეგნებულად შეჩერდა თანხების ბრუნვა. ამის მთავარი მიზეზია; პირველი, საბოტაჟი მოუწყონ ქვეყანას და ქართველ ხალხს და, მეორე: მათ უკანონოდ ნაშოვნი თანხის დაკარგვის შიში აქვთ. აქედან გამოსავალი ერთია: „ნაციონალურმა მოძრაობამ” და მიხეილ სააკაშვილმა ის მოპარული თანხები დააბრუნონ, რაც ქართველი ხალხის საკუთრებაა”, – წერს ადამაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები