ყოველთვიურად, საშუალოდ, 300 არასრულწლოვანი თხოვდება
სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში ადრეული ქორწინებების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე, განათლების მიღება 7367-მა გოგონამ შეწყვიტა, რის მიზეზად უმრავლეს შემთხვევაში ადრეული ქორწინება სახელდება. ამ მონაცემების მიხედვით, ყოველთვიურად საშუალოდ 300 არასრულწლოვანი გოგონა თხოვდება.
როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს, ნაადრევი ქორწინების ასეთი ფაქტები ხშირად ფიქსირდება, თუმცა ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ამასთან, დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე აცხადებს, რომ ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა, ნაადრევი ქორწინების რაოდენობა კი არც ისე ბევრია. მისი თქმით, დღეს საქართველოში ქალის ქორწინების საშუალო ასაკი 27 წელია, თუმცა ნაადრევი ქორწინების პრობლემა მაინც არსებობს. სულაბერიძე აცხადებს, რომ ამის მოგვარებას დემოგრაფიული განათლება, სკოლაში მეტი მუშაობა და იმ ინფორმაციის გავრცელება სჭირდება იმის თაობაზე, რომ ნაადრევი ქორწინება ჯანმრთელობისთვის და ახალგაზრდების განვითარებისთვის ცუდია.