ედუარდ შევარდნაძის მდივანი: კანცელარიაში კატა მოვიყვანე და მერე ზურაბ ჟვანიას ვაჩუქე

ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პირადი მდივანი 2003 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო კანცელარიაში შინაური ცხოველის ყოფნას ადასტურებს. თუმცა, როგორც „კვირას“ ცისანა ჩიხლაძემ განუცხადა, მან კატა კანცელარიის შენობაში, მართლაც, მოიყვანა, მაგრამ ზურაბ ჟვანიას აჩუქა.
„მიშას რამდენი სიგიჟე მოუვა თავში, მე რა ვიცი… ვისი რა საქმეა მე რა მეკუთვნოდა, იმ ოთახში კი არ იყო კატა. მე კატა მოვიყვანე და მერე ზურაბ ჟვანიას ვაჩუქე. კატების მეტი საქმე არ არის სახელმწიფოში? ამ თქვენ რაში გაინტერესებთ, ან იმას მეტი სათქმელი სხვა არაფერი არ ჰქონდა? ტელევიზორში რამდენი გიჟი გამოვა, იმას რატომ უნდა ვუსმინო?! კარგად ყოფილა ჩემი საქმე“, – აღნიშნა ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პირადმა მდივანმა ცისანა ჩიხლაძემ “კვირასთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში 2003 წლის პერიოდი გაიხსენა. მისი განცხადებით, 2003 წელს, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, შენობაში თაგვები, ვირთხები და კატა დახვდა. როგორც ექსპრეზიდენტმა ტელეეთერში განაცხადა, კატა კანცელარიის შენობაში “სანეპიდსადგურის” დანიშნულებას ასრულებდა.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების მთავრობის კანცელარიის მდივანი პეტრე მამრაძე გამოეხმაურა. პეტრე მამრაძის ინფორმაციით, კანცელარიის შენობაში კატა, მართლაც, იყო, თუმცა შინაური ცხოველი ედუარდ შევარდნაძის პირად მდივანს ჩისანა ჩიხლაძეს ჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები