მიხეილ სააკაშვილი: ჩემთან მოვიდა ატირებული დათო კეზერაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანისთვის” მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და 2008 წლის აგვისტოს ომს შორის პარალელები გაავლო.
სააკაშვილმა 2008 წლის ომის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რუსეთის მხრიდან ინტენსიური დაბომბვის მიუხედავად, საქართველოს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია.
„ჩვენ უკრაინელებმა უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ვართ ძალიან მშვიდობისმოყვარეები, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ როცა აცხადებ ცეცხლის შეწყვეტას, მეორე მხარე არ არის. ჩემთვის ეს იყო 2008 წლის ცხინვალის მაგალითი.
2008 წელს მე გამოვაცხადე ცეცხლის შეწყვეტა ცხინვალში, ამ დროს რუსებს ჰქონდათ ინტენსიური ცეცხლი გახსნილი ჩვენს სოფლებზე. ერთი ოფიცერი დაგვეღუპა, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და რადიოში გადიოდა სიგნალი, რომ სოფელი ნული უნდა გავანადგუროთ… ამ დროს ეს ყველაფერი გვესმის და ვიცით, რომ რაც არ უნდა განადგურდეს, არ უნდა გავცეთ პასუხი.
ადგილობრივი მოსახლეობა ეუბნებოდა ოფიცრებს, რომ თუ თქვენ არ გაქვთ არაფრის თავი და თუ თქვენს სააკაშვილს ეშინია, მოგვეცით იარაღი და ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს.
მოვიდა ჩემთან მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დათო კეზერაშვილი ატირებული და თქვა, რომ ერთი ოფიცერი დაგვეღუპა, რამდენიმე მძიმედ არის დაჭრილი და თუ ჩვენ არ გავხსნით საპასუხო საარტილერიო ცეცხლს, ჩვენ დაგვეღუპება იქ მთელი ბატალიონი და მერე ამ ხალხს ვინ ჩახედავს თვალებში. ჩემი პასუხი კი იყო – სულ რომ ყველა დაგვეღუპოს, ჩვენ არ უნდა გავცეთ პასუხი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები