„ნინო გვენეტაძის სახით უზენაეს სასამართლოს ღირსეული და სამართლიანი თავმჯდომარე ეყოლება“

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის დასახელებით პრეზიდენტმა დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა.
როგორც ხატიაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს ნინო გვენეტაძის კანდიდატურას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ღირსეული და სამართლიანი თავმჯდომარე ეყოლება.
“ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის შეფასებით, ნინო გვენეტაძეს აქვს იმის რესურსი, რომ ქართულ საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობა გააჩინოს.
“მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ნინო გვენეტაძე ღირსეული კანდიდატი და სამართლიანობისთვის მებრძოლი პიროვნებაა. ის სამართლიანი სასამართლოსთვის იბრძოდა და ამის გამო “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. თუ დეპუტატებმა საღი აზრი გამოიჩინეს და ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეყოლება ღირსეული თავმჯდომარე. ყველამ ვიცით, რომ დღეს საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობა არ არსებობს, ვიმედოვნებ, რომ ნინო გვენეტაძე ამ დამოკიდებულების შეცვლას მოახერხებს“, – განუცხადა “კვირას“ ზაზა ხატიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.
სამართალმცოდნე ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. გვენეტაძეს, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
ნინო გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სულ 36 პირი წარადგინეს, თუმცა აქედან რვამ კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები