ნინო გვენეტაძე „მეამბოხე“ მოსამართლე – რატომ დატოვა მან 10 წლის წინ მოსამართლეთა კორპუსი

ნინო გვენეტაძე, რომელიც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა, ერთ-ერთია იმ „მეამბოხე“ მოსამართლეებს შორის, რომლებმაც 2005 წელს პროტესტის ნიშნად უზენაესი სასამართლო დატოვეს. მაშინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები – ნინო გვენეტაძე, დავით სულაქველიძე და მერაბ ტურავა პირველები იყვნენ, რომელთაც 2005 წლის 21 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულეს. ორივემ, კუბლაშვილმა და ცერცვაძემ ბრალდებები უარყვეს.
სამივე მოსამართლე, რომელთაც ქართულმა მედიამ “მეამბოხე მოსამართლეები“ უწოდა, აცხადებდა, რომ ყოველთვის, როდესაც უზენაესი სასამართლო აპირებს, განიხილოს საქმე, რომელიც ხელისუფლების ინტერესს წარმოადგენს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურატურის ზეწოლის ქვეშ, მითითებებს აძლევს მოსამართლეებს, თუ როგორი განაჩენი გამოიტანონ.
2005 წელს ნინო გვენეტაძე აცხადებდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2005 წლის 23 ივნისს ხელი მოაწერა, მოსამართლეებზე ზეწოლის იარაღი გახდა. ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლებიც 2005 წლის 31 დეკემბრამდე დატოვებდნენ თანამდებობას, ხელფასის ოდენობის პენსიას მიიღებდნენ, რომელიც 1000 ლარს შეადგენდა.
“პირადად ჩემთვის, მაღალი პენსიის სანაცვლოდ, არ შემოუთავაზებიათ სამსახურის დატოვება, მაგრამ ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ უკვე მიიღო ამგვარი შეთავაზება“, – აცხადებდა ნინო გვენეტაძე.
“მეამბოხე მოსამართლეები“ ასევე აღნიშნავდნენ, რომ სასამართლო დისციპლინარული კომისია მოსამართლეებზე ზეწოლის კიდევ ერთი იარაღი გახდა.
მოსამართლეებზე ზეწოლის საკითხი პარლამენტის 2005 წლის 6 დეკემბრის და 21 ნოემბრის სხდომებზე გაჟღერდა. უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე – გვენეტაძე, სულაქველიძე და ტურავა – საჯაროდ ზეწოლის შესახებ სწორედ 21 ნოემბერს ალაპარაკდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები