სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პირველ სხდომას 3 მარტს გამართავს

  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პირველ სხდომას 3 მარტს გამართავს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია.
კომისიის მიზანია კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება.
კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მის შემადგენლობაში შედიან: საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის ექსპერტები.
კომისიის შემადგელობაში თანამდებობრივად შედიან: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.
პირველი შეხვედრა ძირითადად საორგანიზაციო საკითხებს მიეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები