დავით უსუფაშვილი: ჩვენ მოვესწრებით იმას, როდესაც ჩვენი სახელმწიფო გვექნება
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “წლის პირველი საჯარო ლექცია” – “ჩვენი სახელმწიფო” წაიკითხა.
როგორც პარლამენტის თამჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ის დიდი ხანია მიეჩვია საჯარო გამოსვლებს, თუმცა ასე აღელვებული არასდროს ყოფილა.
“ჩემს სიტყვებს ასეთი ემოციური დატვირთვა არასოდეს ჰქონია. უნივერსიტეტში ჩემი გამოსვლით გრძელდება ის ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა. ეს ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩვენი წარსულისა და დღევანდელობის გამო შევარჩიე ლექციის თემა – “ჩვენი სახელმწიფო”. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება უნდა ვიყოთ ჩვენი სახელმწიფოს ბატონ-პატრონი. თუკი სადმე სიტყვა “ჩვენ” უნდა არსებობდეს და არა ამ პარტიის, იმ ჯგუფის და ა.შ. სწორედ ამ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს. ჩვენ მოვესწრებით, როდესაც ჩვენი სახელმწიფო გვექნება”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “წლის პირველი საჯარო ლექციის” ჩატარებისთვის უნივერსიტეტის მედლით და სიგელით დააჯილდოვა.
ვლადიმერ პაპავას განცხადებით, 1918 წლის 12 თებერვალს უნივერსიტეტში პირველი ლექცია ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა.
“ჩვენ აღვადგინეთ ტრადიცია. ამიერიდან, ყოველი წლის 12 თებერვალს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც წარმატებული იქნება თავის საქმიანობაში, თსუ-ში “წლის პირველ საჯარო ლექციას” წაიკითხავს. ამჯერად არჩევანი დავით უსუფაშვილზე გაკეთდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მისი ლექცია ძალიან საინტერესო გამოვიდა. ის შეეხო ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე ყოვლისმომცველ პრობლემებს და მისი გადაჭრის გზებს”, – განაცხადა პაპავამ.