დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარეობის კონკურსში მონაწილეობას მიიღებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარეობის კონკურსში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ საყვარელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„ჩემო ძვირფასებო, ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ, ჩვენს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, დავთანხმდე მეგობრების და კოლეგების თხოვნას და მონაწილეობა მივიღო უკრაინაში ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის ვაკანტური პოზიციის კონკურსში. ბევრისთვის ალბათ გაუგებარი გადაწყვეტილებაა, ბევრისთვის კიდევ – გასახარი და მისაღები.
უკვე 33 წელია, რაც ვუყურებ, როგორ იბრძვის ღირსეული არსებობისთვის ჩემი ქვეყანა. წლებმა გვაჩვენა, რომ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ფრონტის ხაზი ბოლო წლებია გაერთიანდა. ვისაც არ ესმის საქართველოს და უკრაინის საერთო ხვედრი, მომავალი და დღეს გადასალახი ჩვენი საერთო პრობლემები, გამიჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ ჩავთვალე საჭიროდ, საკუთარი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა და სხვა სახელმწიფოში სამუშაოდ გადასვლა. რაც მთავარია, ქართული პოლიტიკის დატოვება.
არც იმას დაგიმალავათ, რომ უკვე რთულად წარმომედგინა ჩემი სამართალდამცავ სისტემაში დაბრუნება… თუმცა ისევ ჩვენი გამოცდილი და გამობრძმედილი გუნდის იმედით და მხარდაჭერით მივიღე გადაწყვეტილება.
გულახდილად გეტყვით, მიმაჩნია, ჩემი ეს ნაბიჯი ბრძოლის უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლას უკავშირდება. ამჯერად უკვე უკრაინაში.
საქართველოს და უკრაინის საერთო ფრონტის ხაზი არ მოიცავს მხლოდ აფხაზეთს, სამაჩაბლოს, დონეცკს, ლუგანსკს და ყირიმს. მივიღე რა შემოთავაზება უკრაინელი პარტნიორებისგან, გადავწყვიტე ჩავება ბრძოლის არანაკლედ მნიშვნელოვან მიმართულებაში: უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში. ვეცდები, ჩვენს გუნდთან ერთად მაქისიმალურად დავიხარჯო უკრაინაში სამართლიანი და საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში.
მიმაჩნია, რომ იმ გამოცდილებით და ცოდნით რაც ახალი ქართული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისას ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მივიღე, შევძლებ ბრძოლის მნიშვნელოვანი ფლანგი გავამაგრო.
რთულია უკრაინაში უყურო იგივეს, რასაც ჩემი სამშობლო განიცდიდა და დრემდე უხდება თავისუფლებისთვის ესოდენ დიდი ფასის გადახდა. ასევე რთულია შეეგუო სახელმწიფოს წინსვლის შემაფერხებელ კორუფციის გაუგონარ მასშტაბებს. ამით, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნების საერთო მტერი ხეირობს.
მტკიცედ მჯერა, რომ აქაც შევძლებ თუნდაც ერთი აგურის დადებას უკრაინული სამართალდამცავი ინსტიტუტების მშენებლობაში.
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის წარმატება, გამართულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ახალ ბიძგს მისცემს თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ქვეყანას ახალი, უფრო თამამი რეფორმების გატარებისთვის. საქართველოსთვის კი უბრალოდ თავისი ბრძოლის გაგრძელებაა – ეს ერთი ფრონტია! აფხაზეთი, ყირიმი, ცხინვალი და ლუგანსკი, ქურდული სამყარო და ტოტალური კორუფცია – ეს ერთი მტრის, ერთი გამოწვევის სხვადასხვა მხარეებია და სადაც არ უნდა ვიბრძოლოთ, მოწინააღმდეგეც და მოკავშირეც ამ ბრძოლაში ერთი და იგივეა!
ვემსახურებოდი, ვემსახურები და სიცოცხლის ბოლომდე გავაგრძელებ საქართველოს სამსახურს და მისთვის ბრძოლას! არ დაგიმალავთ და ამაყი ვარ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის წარსულში ერთ-ერთ ჩამორჩენილ ქვეყანას, მის რეფორმებს, აშენებულ თავმოყვარე სახელმწიფოს წარმატებულ მოდელს დღეს იმდენად დიდი აღიარება აქვს, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ჭკუას გვეკთხებიან და უშუალოდ საკუთარი ქვეყნების აღმშენებლობის საქმეში დახმარებას გვთხოვენ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც 2003 წლიდან დღემდე თავდაუზოგავად, საკუთარი ენერგიის, სიცოცხლის და თავისუფლების დათმობის ხარჯზე ამას მიაღწია! ვთვლი, რომ ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა და პატივი, მონაწილეობა მივიღო ასეთი არაჩვეულებრივი და უდიდესი პოტენციალის მქონე ქვენის მშენებლობაში, როგორიც უკრაინაა. გპირდებით, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩემი და ჩვენი გუნდის მიერ შეტანილი წვლილი ორი ქვეყნის ერთად ბრძოლის და მეგობრობის გამორჩეული მაგალითი იყოს!
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ჩემი გული სული და შეგნება იდეებზე და ღირებულებებზე დაფუძნებულ ღირსეულ ადამიანთა გაერთიანებაში რჩება. ეს პარტია, არც მეტი და არც ნაკლები, ჩემი ოჯახია! ძალიან მიყვარხართ და სულ მალე საქართველოსა და უკრაინის გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ“, – წერს დავით საყვარელიძე.