ზაქარია ქუცნაშვილი: ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას
ზაქარია, ბევრი სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას – თუკი უმრავლესობა პრეზიდენტთან შეთანხმებული იყო პრინციპზე, რომ კანდიდატი აპოლიტიკური ფიგურა უნდა ყოფილიყო, რატომ მოხდა ქუცნაშვილის დასახელება.
“რაც განვაცხადე რამდენიმე დღის წინ, დაადასტურეს დიმიტრი ხუნდაძემ, ელისო ჩაფიძემ და 16-მა დეპუტატმა. ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას, ბევრი სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან განსხვავებით, რომლებიც უმრავლესობის სახელით კადრულობენ მოლაპარაკებებს და ამ დროს უმრავლესობის წევრებს ვერ აყენებენ საქმის კურსში. სიმართლე დადასტურებულია, თუკი კიდევ ვინმეს მეტი დეპუტატის აზრის გაგონება სურს, ჰკითხონ, იყო თუ არა ეს საკითხი უმრავლესობის ფორმატში განხილული და შეჯერებული”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრები წარმოადგენენ თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებულ პარლამენტარებს.
“თუ პარლამენტის წევრი საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავს, ის ვერ დაიცავს ხალხის უფლებებსაც. შეშინებული პარლამენტარი თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს. ეს არის ჩვენი კრედო”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.