„აფრასიძეების საქმის გამოძიებას ხელოვნურად აყოვნებენ“
პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აფრასიძეების საქმის გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურების შესახებ ისაუბრა. ბაღათურიას განცხადებით, ზურა ვაზაგაშვილის საქმის მსგავსად, აფრასიძეების საქმეზეც ყველაფერი უკვე დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ამას ხელისუფლებაში მყოფი როგორც ძველი, ისე ახალი კადრების ნაწილი ხელოვნურად აფერხებს.
მისივე განცხადებით, აფრასიძეების საქმის გამოძიება ვიცე- პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს გარკვეულ უხერხულობას უქმნის, რაც, მისი თქმით, შესაძლოა, საქმის გამოძიების შეყოვნების კიდევ ერთი მიზეზი იყო. ბაღათურია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეში შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გიორგი ბარამიძის ბრალეულობა იკვეთება.
„ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის გამოძიების შეფერხება მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ხდება, ნაწილობრივ ამაზე ძველი კადრები ზემოქმედებენ, თუმცა „ქართულ ოცნებაშიც“ არიან კადრები, რომლებზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ კომპრომატები გააჩნია და ამიტომ იძულებულები არიან, მათ დაკრულზე იცეკვონ. აფრასიძეების საქმის გამოძიება ერთგვარ უხერხულობას უქმნის კახი კალაძეს. შესაბამისად, 2,5 წელია აფრასიძეების საქმის გამოძიების გადადება ხდება. ამ საქმეში ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. გაცემულია ადამიანების განადგურების კრიმინალური ბრძანება. აფრასიძეები გაანადგურეს. ძალოვანი სტრუქტურებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ამ საქმის შეფერხება დღემდე გრძელდება. აფრასიძეების საქმე მზად არის, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, უნდა მოხდეს ივანიშვილის და ღარიბაშვილის მხრიდან ხელშეწყობა, რომ ეს ყველაფერი მოქმედებაში მოვიდეს“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.