“ნაციონალური მოძრაობის“ წევრების არაადეკვატურ ქმედებებს ბოლო არ უჩანს“
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრების არაადეკვატურ ქმედებებს ბოლო არ უჩანს – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გადაცემაში “პოზიცია“ საუბრისას განცხადა.
კალაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ამ ადმიანებმა რეალურად ვერ შეაფასეს, თუ რა დემოკრატიული ვითარებაა ქვეყანაში და ვერ ჩამოყალიბდნენ ისეთ პარტიად, რომელიც მნიშვნელოვან ოპონირებას გაუწევდა მმართველ გუნდს.
“მიუხედავად მაქსიმალური თავშეკავებისა და იგნორირებისა, რასაც მთელი კოჰაბიტაციის პერიოდში დღემდე ინარჩუნებს ჩვენი ხელისუფლება, კოალიცია, ქვეყნის მოსახლეობა პოლიტიკურად გაკოტრებული “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ამ ადამიანების არაადეკვატურ ქმედებებს ბოლო არ უჩანს. მათ ქართულ პოლიტიკაში უტიფარი დემაგოგიური სტილი დაამკვიდრეს. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, მოვიდა დრო, რომ საქართველოში პოლიტიკური გემოვნება გადავიდეს ახალ საფეხურზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებმა რეალურად ვერ შეაფასეს, თუ რა დემოკრატიული ვითარებაა ქვეყანაში, ნორმალურ პარტიად ვერ ჩამოყალიბდნენ, რომლებიც მნიშვნელოვან აქცენტებს გააკეთებდნენ, ოპონირებას გაუწევდნენ მმართველ გუნდს. ისინი ცდილობენ, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ სიცრუესა და დემაგოგიაზე აწყობილი პოლიტიკური მოღვაწეობა. მათი მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ რუსეთთან მიმართებაში. რატომღაც ისინი დაჟინებით მოითხოვენ, რომ ჩვენ გვქონდეს ისეთივე აგრესიული რიტორიკა, როგორი რიტორიკაც მათ ცხრა წლის განმავლობაში გააჩნდათ. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, თუ სად მიგვიყვანა ასეთმა რიტორიკამ. ჩვენ კარგად გვესმის ის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია, მაგრამ არსებული სიტუაციიდან აგრესიული რიტორიკა გამოსავალი არ არის“, -განაცხადა კახა კალაძემ.