“ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სერიოზული მონაგარით ბრუნდება“
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სერიოზული მონაგარით ბრუნდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბოლო ერთი თვე საგარეო ფლანგზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ხიდაშელის თქმით, ამას ადასტურებს ჯერ მიუნხენის კონფერენცია, შემდეგ პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში და ახლა, აშშ-ში. “საქართველომ უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო. როდესაც სიტყვა – უპრეცედენტოს ვამბობ, არ უნდა ჩაითვალოს, რომ ვაკნინებ წინა ხელისუფლების მიერ ამ ფრონტზე განხორციელებულ ქმედებებს, მაგრამ ასეთი ღია ტექსტი საქართველოსთან მიმართებაში არ მოგვისმენია. განცხადებები დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევით გაკეთდა. პირველ რიგში ვგულისხმობ ჯონ კერის, რომელმაც დიპლომატიის და პოლიტიკური მხარდაჭერის ზღურბლზე გაიარა. ამასობაში ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სერიოზული მონაგარით ბრუნდება. მას მოაქვს სპეციალური კანონპროექტი, რომელიც კონგრესში უკვე ინიცირებულია. ასევე მოაქვს გადახედილი პრიორიტეტები ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. მას ასევე ჰქონდა ძალიან სერიოზული შეხვედრები ბიზნესმენებთან, საიდანაც ველი, რომ საქართველო უახლოეს მომავალში შედეგებს იგრძნობს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.