მორწმუნეებისთვის ხვალიდან ხორციელი კვირა იწყება
დღეიდან დიდმარხვის მოსამზადებელი მეორე, უძღები შვილის კვირიაკე იწყება. უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, თუ როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო.
უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად ხორციელ კვირასაც უწოდებენ, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს კი, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება.
დიდმარხვის დაწყებას წინ კიდევ ყველიერის კვირა უძღვის, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ.
შეგახსენებთ, რომ დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის 3 კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორცის აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) – მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა.
დიდმარხვა წელს 23 თებერვალს დაიწყება და 12 აპრილს, უფლის აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.