კადიროვმა სააკაშვილს მასხარა უწოდა – “ის ამერიკელებმა გამოიჭირეს და საქართველოს პრეზიდენტის სკამზე დასვეს”
ჩეჩნეთის მეთაური მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ უკრაინის არმიას რუსეთის დამარცხება შეუძლია თავის „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა.
„მასხარად დაბადებული მეფედ ვერასდროს იქცევა, თუნდაც წლების განმავლობაში სამეფო ტახტზე უსარგებლოდ იმყოფებოდეს. სერიოზულ თემაზე ყველა მისი ბრძანება ხალხს გააცინებს. ამერიკელებმა სააკაშვილი გამოიჭირეს და საქართველოს პრეზიდენტის სავარძელზე დასვეს და იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა ემართა, ხან ჰალსტუხებს ჭამდა, ხან კარქვეშ იმალებოდა. და ყველაზე მთავარი, საქართველო ორჯერ შეამცირა. და ეს ბარდას (მეფე ბარდა, მეფე ბარდას მასხარა – რუსული ზღაპრის პერსონაჟები) მასხარა, რომელსაც მშობლიური პოლიცია ეძებს, რათა ციხის გისოსებში ჩასვან, უკრაინას რჩევებს აძლევს რუსეთი როგორ დაამარცხოს.
როგორი მასხარა შეიძლება იყოს პოროშენკო, რომ ამ სკომოროხს (სკომოროხი – ძვ.რუსული ტრადიციით მუსიკოსი მასხარები) უსმენს? სააკაშვილი ეკრანიდან აცხადებს, რომ „უკრაინის არმიას მთელი რუსეთის დაკავება შეუძლია“. მისი სიტყვებით, საკმარისია ყუმბარმტყორცნები, პირველი 50 ტანკის აფეთქება და რუსული არმია წყნარ ოკეანემდე ჩაირბენს.
და ყველაფერი იმისთვის, რომ „ქართველი ოფიცრები, რომლებიც ამერიკელებმა მოამზადეს, ახლა თქვენ (უკრაინელ) მეომრებს ამზადებენ. ისინი ჰყვებიან, რომ უკრაინელი ჯარისკაცების შემართება მსოფლიოში საუკეთესოა. თუკი მათ აუცილებელ ცოდნას, უნარებს და იარაღს მისცემთ, ისინი მთელი რუსეთის დაკავებასაც კი შეძლებენ“.
ამერიკა ასეთ წამომწყებებს ეძებს და პოულობს, რათა ქვეყნები დაანგრიოს, მსოფლიო ქაოსში ჰყავდეს, ხალხები და სახელმწიფოები წაჰკიდოს, თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუდმივი შეკვეთები ჰქონდეს. მთელი რუსეთის დაპყრობა არავის და არასდროს გამოუვიდა. და მით უმეტეს სააკაშვილს და პოროშენკოს არ გამოუვათ, რომლებიც კანადის საზღვრისკენ უკანმოუხედავად გაიქცევიან, თუკი მოსკოვში ერთხელ ფეხით დააბაკუნებენ. სურთ თუ არა ეს სააკაშვილს და პოროშენკოს, უკრაინა და რუსეთი საბოლოო ჯამში მშვიდობასა და თანხმობაში იცხოვრებენ. რუსეთს უკრაინის დაპყრობა მიზნად არასდროს დაუსახავს. ჩვენ გვერდით მშვიდობიანი, ეკონომიკურად განვითარებული, ფაშიზმისგან თავისუფალი, ძმური უკრაინა გვჭირდება“, – წერს კადიროვი.