კონგრესში საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერ რეზოლუციას განიხილავენ

  ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება მოახდინეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვემო პალატის წარმომადგენლების, კონგრესმენ ტედ პოს (რესპ. ტენისის შტ.) და კონგრესმენ ბილ კიტინგის (დემოკ. მასაჩუსეტსის შტ.) ინიციატივით კონგრესში განსახილველად შევიდა რეზოლუციის პროექტი „ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების საკითხზე”.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში; აღიარებს ნატოს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების მნიშვნელობას, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ნორმებს და განამტკიცებს კანონის უზენაესობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში; მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, პატივი სცეს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და გააკეთონ არჩევანი საერთაშორისო პარტნიორობებთან და ალიანსებთან, მათ შორის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; თხოვნით მიმართავს აშშ-ის ადმინისტრაციას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, გააგრძელონ საქართველოსთან თანამშრომლობა ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობის მიმართულებით; აღიარებს და მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს; და თხოვნით მიმართავს ნატოს წევრ ქვეყნებს, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიანიჭოს საქართველოს 2014 წლის სექტემბერში, გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულა გაწევრიანების ძირითადი მოთხოვნები.
„რეფორმები კონკრეტული მიმართულებებით გრძელდება, და ის (საქართველო) თანამიმდევრულად ავლენს სურვილსა და შესაძლებლობას შეასრულოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებები”, – ნათქვამია რეზოლუციაში. რეზოლუცია ხაზს უსვამს გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს და მიუხედავად მძიმე დანაკარგისა, საქართველოს მზაობას გააგრძელოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. რეზოლუციაში საუბარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირებაზე. „დოკუმენტს ხელი უნდა მოეწეროს 2014 წლის შემოდგომამდე, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და უფრო ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს იძლევა”,-აღნიშნულია დოკუმენტში. რეზოლუციაში საუბარია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებზე და აღნიშნულია, რომ „რუსეთი განაგრძობს ფიზიკური ბარიერების აღმართვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, სადაც რუსი ჯარისკაცები დღემდე არიან დისლოცირებულნი, მიუხედავად 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა ჯარების კონფლიქტამდე არსებულ დისლოცირების ადგილას დაბრუნების შესახებ; რუსეთმა უპასუხოდ დატოვა საქართველოს მხრიდან ცეცხლის არ გამოყენების ცალმხრივი პირობა”,-ნათქვამია დოკუმენტში. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები