„შეერთებული შტატები იყო და რჩება საქართველოს მთავარ პარტნიორად და მეგობრად“
ამერიკის შეერთებული შტატები იყო და რჩება საქართველოს მთავარ პარტნიორად და მეგობრად – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ამერიკაში დადებითად შეაფასა. პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტის ერთ – ერთ მთავარ შედეგად საქართველო – ამერიკას შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის დიალოგის დაწყებას მიიჩნევს. უსუფაშვილის თქმით, შეერთებული შტატების ღია მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე.
„შეერთებული შტატების ყველა დონის ხელმძღვანელის, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლის მხრიდან, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, კონგრესისგან ჩვენ დავინახეთ აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტში, რომელშიც დღეს საქართველოა. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო – ეკონომიკური საკითხები საქართველო – ამერიკის ურთიერთობის დღის წესრიგში სერიოზული თემაა სამომავლოდ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის კურსი, რაც გვაქვს. შეერთებული შტეტები იყო და რჩება საქართველოს მთავარ პარტნიორად და მეგობრად“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.