„ფესვები“ რუსულად – მოსკოველი ჟურნალისტი ქართველი ბაბუის ისტორიას იკვლევს

რატომ წაიღო ქართული მიწა მოსკოვში დაკრძალული ბაბუის საფლავზე ნიკოლაი ფოხტმა?

 IMG_5950რუსი ჟურნალისტი ნიკოლაი ფოხტი საქართველოში სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა, თბილისი დაათვალიერა, აღფრთოვანდა. მერე დუშეთში გაემგზავრა. ქართველი ბაბუის ვერც ნასახლარი ნახა და, მცირე დროის გამოვერც ვერაფერი შეიტყო, თუმცა, დუშელები დაპირდნენრომ ამბავს მოიკითხავდნენერთი დღით რაიონში ჩასულმა ნიკოლაიმ დუშელები გააოცა და ის, ალბათ, კიდევ დიდხან ემახსოვრებათ – ვერ დაიჯერეს, რომ ეს კაცი საქართველოში პირველად იმყოფებოდა  – მან მუჭით მიწა მოაგროვა და გულის ჯიბეში შეინახა. მოგვიანებით კი, ნიკოლაიმ  ქართული  მიწა მოსკოვში დაკრძალული  ბაბუისნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჩიგიანის საფლავზე მიიტანა
რუსი ჟურნალისტი ცდილობს ქართველი ნათესავები იპოვნოს, ცოტა მეტი გაიგოს წინაპრების და  საკუთარი წარმომავლობის შესახებთავისი არაჩვეულებრივი ისტორია მანკვირას“  მოთხრო

 –  ნიკოლაი, ვინ იყო შენი ბაბუა და როგორია მისი ისტორია?

2–  ბებია ანიასგან (მამის მხრიდან)   ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მყავდა ქართველი ბაბუა – ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჩიგიანი. ის ბაბუად მამის მხრიდან მეკუთვნოდა.  მეტსახელად  ჩიგოს ეძახდნენ. ვიცი, რომ ქართველი თავადი იყო.  სამწუხაროდ, მე  მას  ვერ მოვესწარი,  რადგან ბაბუა ჩემს დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. თუმცა ყოველ უქმე დღეს, როცა ბებიას ვსტუმრობდი, მისგან ჩიგოს შესახებ უამრავ საინტერესო ისტორიას ვისმენდი. ბაბუის  გარდაცვალების შემდეგაც კი, მეუღლეზე უზომოდ შეყვარებული ანია გამუდმებით იხსენებდა ქმარს  და ცდილობდა ჩემში მისი სიყვარული ჩაენერგა. ეს გამოუვიდა კიდეც.

ვიცი,  ბაბუის დაბადების ზუსტი წელი  – ის  1878 წელს დაიბადა. ბებიამ  და ჩიგომ ერთმანეთი  სამოქალაქო ომის დროს მატარებელში გაიცნეს,  ჩიგო  სანიტარული მატარებლის უფროსი, ბებია კი – მედდა იყო.

svid_O_brake1c1920  წელს  იქორწინეს.  ისინი მოსკოვის ცენტრში, ბულვარში, კომუნალურ სახლში ცხოვრობდნენ.  ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ  შევიტყვე, როდესაც ძველი საბუთების  შესწავლა გადავწყვიტე… მათი ქორწინების ზუსტი თარიღი ამ დრომდე არ ვიცი, რადგან, როგორც ჩანს, ანია  ასაკს მალავდა  და  დოკუმენტებში  დაბადების თარიღი სხვადასხვანაირად ეწერა.

 ბებიისგან ვიცი, რომ ჩიგო მოსკოვის რამდენიმე თეატრში ადმინისტრატორად მუშაობდა, ერთ-ერთი ასეთი სტანისლავსკის თეატრი იყო, სადაც ნიკოლოზ ჩიგიანი დასვენების სახლის ადმინისტრატორის თანამდებობას იკავებდა. ის საკმაოდ ცნობადი იყო თეატრალურ წრეებში.

chiga_fot4გადმოცემით ვიცი, რომ ჩიგო არაჩვეულებრივად მღეროდა. მახსოვს, ბებიას ჰქონდა ძველი მუსიკალური  ფირფიტა, სადაც ჩიგოს სიმღერები იყო ჩაწერილი. ბავშვობაში ისინი არაერთხელ მომისმენია.  სამწუხაროდ,  ეს ფირი აღარ შემომრჩა,  რადგან წლების წინ  ბებიის სახლში ხანძარი გაჩნდა, სახლი დაიწვა და მუსიკალური ფირფიტები, სხვა ბევრ ძვირფას ნივთთან ერთად, განადგურდა. ეს სიმღერები ახლა მხოლოდ ჩემს მეხსიერებას შემორჩა – ჩიგოს დრამატული ხმის ტემბრი ჰქონდა. ის არაჩვეულებრივი ტენორი იყო.

  ჯერ კიდევ დაოჯახებამდე  ბაბუა სამოყვარულო სცენაზე  გამოსვლისას პეტერბურგელმა განთქმულმა მომღერალმა ფიგნერმა შეამჩნია და თავის ქალაქში  სასწავლებლად მიიწვია. ჩიგოც დათანხმდა და პეტერბურგში წავიდა. ეს, სავარაუდოდ, 1902 -1910 წლებში მოხდა. მახსოვს, ჩიგოს შესახებ ინფორმაცია ბათუმის  ერთ-ერთ გაზეთში ამოვიკითხე. აქედან გავარკვიე, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბათუმში იურისტადაც მუშაობდა.

ბებიის გადმოცემით,  ნიკოლოზ ჩიგიანს  სულ კოხტად, მოდურად ეცვა, ხშირად ფრაკში იყო გამოწყობილი და ხელზე  რამდენიმე ბეჭედიც ეკეთა,  რაც იმ დროს დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.

1549456_10205220302809676_3463294336746019782_nუფრო მეტიც, ჩიგოს ერთ-ერთი  ბეჭედი სამახსოვროდ  დამრჩა კიდეც. ის ოქროს და ვერცხლის  ულამაზესი ნაკეთობაა.  მე არ ვიკეთებ, რადგან, სამწუხაროდ, პატარა მაქვს. ბაბუა მას, სავარაუდოდ,  ნეკა თითით ატარებდა.

წლების წინ,  ბებიამ  ჩიგოს კიდევ ერთი ბეჭედი მისახსოვრა. მიუხედავად იმისა, რომ  არ მიყვარს სამკაულები,  რატომღაც ძალიან მომინდა, გავიკეთე და მერე დიდი ხანი ვატარებდი… ერთხელ, შემთხვევით  ბეჭდიდან თვალი ამოვარდა,  სარესტავრაციოდ მივიტანე და, სამწუხაროდ, დამიკარგეს.

1ბებია ამბობდა, რომ ჩიგო კარგი მზარეული იყო და საუკეთესო კერძების მომზადება სწორედ მან  ასწავლა. ყველაზე კარგად ანია ბებოს ნახელავი ოთხი კერძი მახსოვს  – კომბოსტოს პეროგი, ხორცის სუპი, სოკოს მარინადი (ერთდროულად მოტკბო და მომწარო გემოთი) და ჭარხლის ფესვების ნაყენი.  ანია ხშირად ამბობდა, რომ დაქორწინებამდე მას კერძების მომზადება არ ეხერხებოდა და სწორედ მეუღლემ ასწავლა.

ბებიის გადმოცემით, გაჭირვების წლებშიც კი, ისინი მხოლოდ ძვირფას, ნატურალურ, ხარისხიან პროდუქტებს ყიდულობდნენ.  მათი  სახლის კარი კი არასოდეს იკეტებოდა… ახლა, როცა თბილისში  მოვხვდი,  ჩემთვის უკვე კარგად გასაგებია,  ამ  სტუმარმასპინძლობის ტრადიციის შინაარსი და ფესვები…

– ნიკოლაი, როგორც შენგან ვიცი, ჩიგოს პირდაპირი შთამომავალი არ ხარ, ის სისხლით ნათესავად არ გეკუთვნოდა…

chiga_fot1–    ჩემი წინაპრების ისტორია იმდენად  ბუნდოვანია,  რომ  ბოლომდე ახლაც არ ვიცი სიმართლე.  როგორც მშობლები მიყვებოდნენ, მამაჩემი ჩიგომ პატარაობისას იშვილა. 1937 წელს,  მამაჩემის ბიოლოგიური დედა, ევგენია  ზუბილევიჩი, რომელიც ჩიგოს და ანია ბებიას კარის მეზობელი იყო, კომუნისტებს  დაუპატიმრებიათ.  საბჭოთა  ხელისუფლებამ ის ამერიკელებთან კავშირის გამო დააკავა – დიახ, ასეთი იყო ოფიციალური ბრალდება. მარტოდ დარჩენილი მამაჩემი, კომუნისტური ხელისუფლების წესების თანახმად,  ბავშვთა სახლში გადაუყვანიათ. ანიამ და ჩიგომ კი, მისი იქიდან გამოყვანა და გაზრდა გადაწყვიტეს, რადგან,  როგორც აღვნიშნე,  ევგენია  და მამაჩემი მათი კარის მეზობლები იყვნენ.  როგორც ჩანს, ძალიან უყვარდათ და ბავშვი არ გაწირეს.

მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა პერიოდში  ასეთი მძიმე ბრალდებით დაკავებული ადამიანის მცირეწლოვანი ბავშვიც კი, ქვეყნის მტრის შვილის სახელს ვერასოდეს  ჩამოირეცხავდა და ეს დაღი მთელი ცხოვრება მიჰყვებოდა… ამ მასალებს მე ცოტა ხნის წინ, უკვე აქტიურ ჟურნალისტიკაში ყოფნის პერიოდში  გავეცანი, როცა „ფე-ეს-ბედან“ დოკუმენტაცია გამოვითხოვე… სხვათა შორის, ჩემი  ნამდვილი ბებიის შესახებ სხვა საინტერესო ცნობებიც მოვაგროვე. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისგან დაჟინებით მოითხოვდა „ქვეყნის მტერი ამერიკელები“ ემხილებინა, თუმცა, როგორც ჩანს, კომუნისტებმა მისგან სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს. ისინი ასევე არწმუნებდნენ ევგენიას, რომ „ჩაეშვა“  მეზობლები, ვინ იყო მათ შორის საბჭოთა იდეოლოგიის მოწინააღმდეგე, ცდილობდნენ ჩიგოს წინააღმდეგაც ordenმიეღოთ მსგავსი ჩვენება, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ეს ყველაფერი მე საკუთარი თვალით წავიკითხე – „ფე-ეს-ბეს“ დაკითხვის ოქმებიდან ჩანს, რომ ბებია ბოლომდე ღირსეულად მოიქცა და არავინ გაუცია.

მთელი ცხოვრება, ჩემი ოჯახისგან ვიცოდი, რომ  ის კომუნისტებმა დახვრიტეს.  ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, თუმცა მხოლოდ  რამდენიმე წლის წინ, “ენ -კა- ვე- დეს” მასალების გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ თურმე მამაჩემის ბიოლოგიური  დედა  ცოცხალი გადარჩენილა.  მას ურალის კოლონიაში 5-წლიანი სასჯელი მოუხდია, საპატიმროდან გამოსულს ადგილობრივი  ინჟინერი გაუცნია, დაოჯახებულან და იქვე დასახლებულან. გარკვეული დროის შემდეგ ისინი ურალიდან  წასულან სოფელ  სასნოკში.  როგორც მასალებიდან გავარკვიე,  ევგენია მოსკოვშიც ჩამოსულა – სავარაუდოდ, ჩუმად,  შვილის საძებნელად. ეს იყო 1953 წელი.  მე მივაკვლიე  მამაჩემის ნამდვილი მშობლის უკანასკნელ ავტოგრაფიულ ჩანაწერს და რაღაც დეტალები სწორედ  აქედან შევიტყვე. ჩანაწერიდან ჩანს, რომ ჩემი ბიოლოგიური ბებია ხელისუფლებას რეაბილიტაციას სთხოვდა და მამაჩემის შეძენილ მშობლებთან შეხვედრის ისტორიაზეც ყვებოდა. არ ვიცი,  ეს საბოლოოდ  რამ განაპირობა, მაგრამ,  ის წერდა, რომ ანიას და ჩიგოს შეხვდა და მათ პირობა მისცა, რომ არასოდეს ნახავდა შვილს, არ ჩაერეოდა მის აღზრდაში, რათა ქვეყნის მტრის შვილის სახელს მისი მომავალი არ შეებღალა.  ასეც მომხდარა, ევგენია შვილს აღარ გაკარებია, ის  სამუდამოდ წავიდა. ასეთი ტრაგიკულია ეს ისტორია…

ჩიგო და ანია ბებია კი მამას საკუთარი შვილივით ზრდიდნენ.  მან ყოველთვის იცოდა, რომ  ისინი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ, თუმცა არ ვიცი, რამდენაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ  მისი ნამდვილი დედა არ დაუხვრეტიათ და ცოცხალი გადარჩა…   სხვათა შორის, ჩვენს ოჯახში ეს თემა დახურული იყო და ამის შესახებ თითქმის არასოდეს საუბრობდნენ… ეს გასაგებიც არის, რადგან საბჭოთა პერიოდში მათ ბუნებრივი შიში ჰქონდათ და ცდილობდნენ, არ გაეხსენებინათ  მძიმე და უხერხული წარსული…

სამწუხაროდ,  მამის მხრიდან ცოცხალი აღარავინ დამრჩა, ამიტომ ახლა, როცა ჩემი წარსულისა და  წინაპრების ისტორიის  მოკვლევა დავიწყე,  აღარავინ მყავს, ვინც სიმართლეს მომიყვება.  დამრჩა ერთადერთი გზა – ადგილზე მომეძია  ძველი არქივები, დოკუმენტები და  ჩამოვსულიყავი საქართველოშიც…

 – შენი გვარი – ფოხტი, მგონი, გერმანულია…

6 – დიახ, მე გერმანული გვარი მაქვს. აქაც ბოლომდე გაურკვეველი და უცნაური ისტორიაა. როდესაც მამაჩემის ბიოლოგიური დედის – ევგენია ზუბილევიჩის  ბიოგრაფია წავიკითხე, აქ შევხვდი ასეთ ცნობებს:  რომ მას შვილი – ვიაჩესლავი ჰყავდა ვინმე აგანოვისგან (ანუ, აგანოვი, სავარაუდოდ, ჩემი ნამდვილი ბაბუის გვარია). ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ როგორც არქივიდან ირკვევა, ევგენიას ის შვილის გაზრდაში ძალიან  ეხმარებოდა. საკუთარი თვალით მინახავს საბუთები, სადაც წერია, რომ  აგანოვი მას  ფულს უგზავნიდა.  მაგრამ, ამავდროულად, იალტაში გაცემულ  მამაჩემის დაბადების მოწმობაში მის მამად (ანუ ჩემს ბაბუად) მოხსენიებულია ვინმე დეტლივ ფოხტი.  ეს სუფთა გერმანული გვარია. არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა, მაგრამ ფაქტია, რომ მამის დაბადების თარიღის მიხედვით, ევგენიას შვილი მაშინ შეეძინა, ვიდრე ის აგანოვს შეხვდებოდა… ჩემთვის ეს ისტორიაც დღემდე გაუგებარია.

ბოლო წლებში ყველა დოკუმენტს, – ბიოგრაფიულ ჩანაწერებსაც, არქივებსაც, ოფიციალურ საბუთებსაც რეატავრაცია ჩავუტარე, მაგრამ რომელია აქედან სინამდვილე, დღემდე არ ვიცი. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მე ვერც დეტლივ ფოხტს მივაკვლიე… შევხვდი  რუსეთში გერმანული დიასპორების წარმომადგენლებსაც, რომლებსაც დახმარება ვთხოვე. ფოხტი იქ ძალიან გავრცელებული გვარია, თუმცა ვერაფრით დამეხმარნენ.

 – მამაშენს თუ უცდია წინაპრების ისტორიის გარკვევა? 

frg – სამწუხაროდ არა, მამა უკვე გარდაცვლილი მყავს, მხოლოდ დედაა ცოცხალი.  სულ ვეკითხებოდი დედას, რატომ არ ცდილობდა ვიაჩესლავი წინაპრების  ისტორიის გარკვევას, რაზეც ის  ახლაც მპასუხობს, რომ მაშინ, საბჭოთა პერიოდში რთული დრო იყო და ასეთ თემებზე ხმამაღლა საუბარი უბრალოდ საშიში იყო.
ერთ ისტორიას მოგიყვებით,  რაც სინამდვილეში  ჩემთვის დიდი დრამაა: მამა პროფესიით მსახიობი იყო. წლების განმავლობაში ის მოსკოვის საგასტროლო თეატრში მუშაობდა. ეს თეატრი თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო. აქედან მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით სხვადასხვა პროვინციაში იგზავნებოდნენ მსახიობები.  მამაც მთელი ცხოვრება მოგზაურობდა და მან სპექტაკლებით  უამრავი ქვეყანა შემოიარა. ძალიან ცნობილ წარმოდგენებში თამაშობდა.  მოგვიანებით  მუშაობა ტელევიზიაში გადაწყვიტა.  საბჭოთა დროში იქ მოხვედრა მარტივი არ იყო. მას წარსულმა თავი სწორედ აქ შეახსენა და კარიერისთვის მსხვერპლის გაღებამაც მოუწია.

როგორც ჩანს, ტელევიზიაში შეიტყვეს, რომ  ვიაჩესლავი რეპრესირებული ოჯახიდან იყო და მას სპეციალური  განცხადება დააწერინეს,  რომელიც   ცოტა ხნის წინ ხელში ჩამივარდა.  დოკუმენტში მამა თავს იმართლებს და წერს, რომ  როდესაც  კომუნისტებმა მისი ბიოლოგიური დედა დააკავეს,  მოზარდი იყო, ამიტომ პასუხს არ აგებს მშობლის საქციელზე, მის  დანაშაულზე… მოკლედ, მამა თავს იმართლებდა. ამით, გარკვეულწილად, მან ზურგი შეაქცია საკუთარ წარსულს.  ეს ამბავი ძალიან მტკივნეულად აღვიქვი, თუმცა არ ვიცი, რეალურად რა საფუძველი ჰქონდა მამას…  იქნებ, არც ჰქონდა გამოსავალი.

ჰყავდა თუ არა თქვენს ბაბუას  ქართველი ნათესავები? თუ გაქვთ ან გქონიათ მათთან კავშირი?

 hhhh–  გადმოცემით ვიცი, რომ ჩიგიანს სამი და ჰყავდა. ერთ-ერთი თბილისში, ბარნოვის ქუჩის №1 ნომერში ცხოვრობდა.  რამდენიმე წლის წინ, როცა მე ჩემი წინაპრების ისტორიის მოკვლევა დავიწყე, ძველ წერილებს გადავაწყდი, სადაც ჩიგოსთან მისი დის – ნინა ნიკოლაის ასული ჩიგიანის მიმოწერაც  ვნახე. ამ წერილებით შევიტყვე დუშეთში ჩემი წინაპრების სახლის არსებობის შესახებაც. მიმოწერაში საუბარი იყო ამ საცხოვრებლის გაყიდვის დეტალებზე.  როგორც ჩანს,  ეს რთული, 40-იანი წლები იყო.  მათ სახლის გაყიდვა ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტეს.

წერილებიდან ასევე გავარკვიე, რომ ჩიგოს მშობლები ძირძველი თბილისელები იყვნენ, თავად  ბაბუა კი, დუშეთში დაბადებულა.

bgj ბაბუა 1962 წლის ბოლოს, 84 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ის ამ დროს საკმაოდ ხნიერი იყო.  როგორც ვიცი, მოსკოვში გადასვლის შემდეგ ჩიგო  საქართველოში აღარც დაბრუნებულა, თუმცა ამაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა და დარდობდა… რაც შეეხება ბებიას, ის 1982 წელს პნევმონიით  საავადმყოფოში  გარდაცვლილა.

 მას შემდეგ, რაც ბარნოვზე მდებარე და დუშეთის სახლების შესახებ შევიტყვე, სულ მინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავი, ერთგვარი იდეაფიქსი მქონდა, ბარნოვისა  და 10685515_10204093063464554_8728594465244378504_nდუშეთის სახლები მომეძებნა,  თუნდაც ერთხელ მაინც დამეთვალიერებინა ეს ადგილები… ახლაც ვცდილობ, უფრო მეტი შევიტყო ჩემი წინაპრების ისტორიის შესახებ, არ ვიცი, ეგებ ბაბუის დების შთამომავლებსაც მივაკვლიო…
საქართველოში დუშეთის გამგებელს, ბატონ ვაჟა ჩოხელს შევხვდი. დამპირდა, რომ ამბავს მოიკითხავს.  ძალიან გულისხმიერი ადამიანი ჩანს და იმედი მაქვს ეს შედეგს გამოიღებს.

  – ნიკოლაი, რას გაძლევს წარსულის კვლევა?  აი, შენ ჩამოხვედი საქართველოში, ჩვენ ვიყავით დუშეთში, მოვძებნეთ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლიც,  რომელიც, სამწუხაროდ, დაკეტილია და აღარავინ ცხოვრობს…

10818581_10205099245743325_2004994356_n – ამ ყველაფერს, პირველ რიგში, ალბათ ცნობისმოყვარეობის გამო ვაკეთებ, სენტიმენტალურიც ვარ, კიდევ ერთი მიზეზი,  შესაძლოა, ჩემი პროფესიული ხასიათია – ჟურნალისტი ვარ და მივეჩვიე სინამდვილის, სიმართლის კვლევას, და ეს სისხლში გამჯდარი მაქვს. მაგრამ,  არის ერთი მთავარი მიზეზიც. არიან ადამიანები, რომლებიც რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობენ, ისინი  სულის განსაწმენდად ტაძრებში შედიან და ლოცულობენ. აი, მე კი სრულიად არარელიგიური ვარ. მაგრამ, ყველა ჯერზე, როცა ჩემს წარსულს ვეხები, როცა წინაპრების შესახებ ახალ ცნობებს ვიღებ და ვიგებ, თითქოს ეს ჩემს სულს წმენდს, თითქოს ეს თვითგამორკვევაში მეხმარება. ვთვლი, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია.  ეს გრძელი ჯაჭვია, უწარსულოდ ჩვენ არავინ ვართ,  ნაწილების გარეშე მთლიანი სურათის აღქმა შეუძლებელია, ხომ ასეა?  არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ჩემთვის  წმინდაა.  ახლაც, როცა საქართველოში ჩამოვედი და ამ ადგილებს პირადად შევეხე, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვილოცე, თითქოს ძალიან  დიდი ტვირთი მოვიხსენი…  ჩიგოს მაინც ჩემს ბაბუად მივიჩნევ და მის საფლავზე ქართული მიწის დაყრით, უზარმაზარი შვება ვიგრძენი, თითქოს ვალი მოვიხადე წინაპრების წინაშე…  ჩემთვის ეს  ძალიან მნიშვნელოვანია!

 მოგვიყევი შენს შესახებაც, როგორც ვიცი, რუსულ მედიაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვს

– კი, ასეა. დავამთავრე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ვიყავი სპორტსმენი, დავდიოდი სამბაზე და ძიუდოზე. ვიყავი სპორტის ოსტატობის კანდიდატი. დავდიოდი სპორტულ სკოლაში, რომელსაც „ სამბა 70“ ერქვა. ის საბჭოთა კავშირში ძალიან ცნობილ სკოლად ითვლებოდა.

1486630_10202508164287908_1658134063_n 1986 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, პროფესიით რადიოჟურნალისტი ვარ, მაგრამ თავიდანვე პრესის განხრით წავედი – მოვეწყე ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“, – ში, რომელიც ბეჭდური გამოცემა იყო. ვწერდი „რაშა თუდეისთვისაც“ (ამით მაინცდამაინც არ ვამაყობ დღეს – იცინის). ჩემი კარიერის საწყის ეტაპზე, აქ თარგმანების განყოფილებაში კორექტორის პოზიცია მეკავა, ვაკორექტირებდი პორტუგალიურ და ესპანურ სტატიებს. აქედან გადავედი „ვესტნიკის“ რედაქციაში, საიდანაც მოურიდებლად რომ ვთქვა, გავიქეცი. შემდეგ იყო ჩემი ნამდვილი, პირველი გაზეთი – „სობესედნიკი“, ყოველკვირეული „კომსომოლსკაია პრავდას“ დამატება. ეს  იყო პირველი საბჭოური, ყოველკვირეული ილუსტრირებული გამოცემა, სადაც 4 წელი ვიმუშავე. გამოცემა 91 წელს, აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ დავტოვე. საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში ვიდექი ბარიკადებზე. ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც კომუნიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა … 90-იანი წლების დასაწყისში ვიყავი „ობოზრევატელში“, კიდევ სხვა პატარა გამოცემებში…

შემდეგ კი, ისევ დიდ გაზეთში – „იზვესტიაში“ მოვხვდი. იქ 4 წელი  კულტურის განყოფილებაში ვიმუშავე. მერე აღმოვჩნდი „კომერსანტის“ დამატებაში, ჟურნალ „სტალიცაში“.

მიმაჩნია, რომ თავის დროზე ამ გამოცემამ ჟურნალისტიკაში გადატრიალება მოახდინა. ის ჯერ მოსკოვში, მოგვიანებით კი, მთელ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული გამოცემა იყო. სამწუხაროდ, მან დიდხანს ვერ იარსება, რადგან ჟურნალი დახურეს. მე კი იკვლავ „რია ნოვოსტი“-ში მომიწია დაბრუნება. მქონდა ჩემი 10840111_10204093148306675_2126013186_oორი ჟურნალი – ერთი ქალბატონებისთვის და მეორე კი უფრო სპორტული – „თავდაცვა იარაღის გარეშე“, რომელსაც სკოლის მეგობართან ერთად ვაკეთებდი. მოგვიანებით აღმოვჩნდი ვლადიმერ იაკოვლევიჩის პროექტში – „სნობი“. ის „კომერსანტის“ დამფუძნებელია. ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობდით და შეთავაზებაზე სიამოვნებით დავთანხმდი. „სნობიდან“ „რუსკი პიონერში“ გადავედი, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ჟურნალია. აქ ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჟურნალი სპეციფიკურია. ეს არის რაღაც „ნაზავი“ ლიტერატურასა და ჟურნალისტიკას შორის… თუმცა, პერიოდულად ვთანამშრომლობდი და ვთანამშრომლობ არაერთ სხვა გამოცემასთან, მათ შორის – „რადიო თავისუფლებასთან“, რუსეთის ცენტრალურ რადიოსთან. ერთადერთი, სადაც არ მიმუშავია, როგორც ჟურნალისტს, ეს არის ტელევიზია.

ნიკოლაი
ფოხტი საქართველოში კიდევ ბევრჯერ აპირებს ჩამოსვლას. ამბობს, რომ ის, ვინც ამ ქვეყანაში თუნდაც ერთხელ მოხვდება, აუცილებლად დაბრუნდება უკანმიაჩნია, ესსაოცრებათაქვეყანაა, რომელიც ადამიანებს თავს არასოდეს დაავიწყებს. არასოდეს დაავიწყდებათ რუსი ჟურნალისტი იმ დუშელებსაც, რომლებმაც გაოცება ვერ დამალეს, როდესაც მან გულის ჯიბით მიწა შეინახანიკოლაიმ მათი რჩევით ქართული ფილმიფესვებიცნახა. ამბობს, რომ ამ ფილმის შემდეგ, საკუთარი წარსულის შეცნობის სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა. გულის სიღრმეში დარწმუნებულია, რომ ჩიგო მისი ნამდვილი ბაბუაა.
ასეთი ეჭვი დედაჩემსაც ჰქონდა, თუმცა ჩვენს ოჯახში ღიად არც ამ თემაზე საუბრობდნენ“, – ამბობს ნიკოლაი.

ქეთი ხოსიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები