დევნილთა სამინისტრომ თბილისში 21 ბინა გამოისყიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ახალი პროექტის ფარგლებში, რომლის განმალობაშიც 100 ოჯახს საცხოვრებელი უნდა გადაეცეს, ბინების გადაცემა უკვე დაიწყო.
სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმაც, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში, 34-ე კორპუსში, 21 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და დევნილებს საკუთრებაში გადასცა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და საცხოვრებელი ფართების დაკანონება პირადად მიულოცა.
აღნიშნულ კორპუსში, დევნილი ოჯახები 2000 წლიდან ცხოვრობენ, მიუხედავად ამისა, შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც დევნილებისათვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 21 დევნილი ოჯახისათვის ბინები კერძო მესაკუთრეებისაგან 916 163.86 ლარად გამოისყიდა.
გარდა ამისა, სამინისტრომ კერძო მესაკუთრისაგან გამოისყიდა თბილისში, პეკინის ქ. N44-ში მდებარე შენობის 6 სართული, სადაც 42 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 10 000 – მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. პროცესი 2014 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე, 2 თვის განმავლობაში, მოხდა დევნილთა 857-ჩასახლების შესწავლა. მეორე ეტაპი, რომელიც 8 თვე გაგრძელდება, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.