ზაზა ხატიაშვილი ვაზაგაშვილის საქმეზე კონკრეტულ პიროვნებას ასახელებს

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ზაზა ხატიაშვილი პროკურორ მიქაცაძეს წინა ხელისუფლების პერიოდში ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. როგორც ხატიაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მიქაცაძე პროკურატურას ამ დრომდე უნდა დაეკავებინა, თუმცა, მისი თქმით, ის ამ დრომდე პროკურატურაში მუშაობს და აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში, სავარაუდოდ, არც კი დაკითხულა.
„როდესაც 7 წლის წინ მე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ევროპულ სასამართლოში გავაგზავნე, მივუთითებდი, რომ ეს იყო დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. პროკურორი მიქაცაძე უნდა დაეკავებინათ. მან ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა და თქვა, რომ თითქოსდა, როდესაც მანქანა ბოძს მიეჯახა, სროლა შეწყდა. მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არ შეწყვეტილა სროლა. მიქაცაძე აცხადებდა იმასაც, რომ პირველად ვაზაგაშვილის მანქანიდან გაისროლეს და ამის შემდეგ გახსნა ცეცხლი პოლიციამ.
სინამდვილეში კი, როდესაც მანქანა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, უკანა საქარე მინა მთელი იყო. მას შემდეგ კი, რაც სახელმწიფომ ექსპერტიზა ჩაატარა, უკანა საქარე მინა ჩამოტეხეს, რითაც გაამართლეს, რომ თითქოს იქიდან პოლიციელების მიმართულებით მოხდა გასროლა. სახეზეა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. ის არის სავარაუდო გამყალბებელი და სავარაუდო დამნაშავე. პროკურორი მიქაცაძე რომ დაკითხონ, ის აჭიკჭიკდება, ვინ დაუკვეთა და ვისი მითითებით შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე. მე მგონია, რომ ეს ადეიშვილის მონაწილეობის გარეშე არ გაკეთდებოდა. როგორც ვიცი, მიქაცაძე დღესაც პროკურატურაში მუშაობს“,- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას არიან მოკლულები. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით, 11 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები