ადვოკატი: ირაკლი ფირცხალავას დაკავებულის სტატუსი აქვს
ადვოკატ კახა შონიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი ფირცხალავას დაკავებულის სტატუსი აქვს. ამის შესახებ ადვოკატმა მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა. შონიას განცხადებით, ფირცხალავა დღეს 09:30 საათზე დააკავეს, მას ხელბორკილები დაადეს და განუმარტეს უფლებები.
“დაკავებაში სხვა არაფერი იგულისხმება. ირაკლი ფირცხალავა არის დაკავებული ამ დროისთვის”, – განაცხადა შონიამ.
ადვოკატის განცხადებით, კახა ნაკანის სტატუსის შესახებ მას ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვს. დაკავებულია თუ არა კახა ნაკანი, შონიას განცხადებით, მას შემდეგ გაარკვევს, რაც პროკურატურაში შევა.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი, აგრეთვე კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი.
საგამოძიებო უწყებაში ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.