საქართველოსა და სომხეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და სერჟ სარგსიანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, იმ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქართველ და სომეხ ხალხს აკავშირებს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი წარმომავლობის მოქალაქეები დიდ როლს ასრულებენ ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„ჩვენს ორ ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც, შეიძლება, მხოლოდ გაღრმავდეს და პოზიტიურად შეიცვალოს. შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ეს კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე დაასრულა შეხვედრები სამ მოსაზღვრე ქვეყანაში და საქართველო რეგიონში კვლავაც ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა სომეხ კოლეგას გულთბილი დახვედრისთვის და, თავის მხრივ, იგი საქართველოში მოიწვია.
სერჟ სარგსიანის განცხადებით, შეხვედრისას, მხარეებმა მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს, კერძოდ, მათ ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. სომხეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს თბილი და მეგობრული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა აქვს.
„ტრადიციულად, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას და ამ კავშირის გაღრმავებას. ეს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ერთსულოვანი ვართ საქართველოს პრეზიდენტთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ არსებული კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო პრინციპების დაცვით არის შესაძლებელი“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირი და ქართული დელეგაცია სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთს პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანთან სამუშაო სადილს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები