საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
საგარეო უწყება უკრაინაში ახალი მთავრობის დამტკიცებას მიესალმება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. “ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესების ნორმალიზების საქმეში ახალ მთავრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა და პასუხისმებლობა ეკისრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა გაამართლოს უკრაინელი ხალხის მოლოდინი, დაძლიოს კრიზისი, უზრუნველყოს ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, კანონის უზენაესობა, საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად განხორციელება, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლა, რაც, თავის მხრივ, გადამწყვეტ როლს ითამაშებს დიდ ევროპულ ოჯახში უკრაინის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, წარმატებას უსურვებს ახალ მთავრობას, ქვეყნის ისტორიის განვითარების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე. ამასთან, მთავრობის სახელით, მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან და მათი სურვილის შემთხვევაში, გაუზიაროს სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.