შსს-მ ტროტილი ამოიღო -დაკავებულია ორი პირი (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1983 წელს დაბადებული ლაშა ა. ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გადაზიდვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა გიორგი მ. მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის მახლობლად, საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როცა მას ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანით საკუთარ სახლში მიჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას სალონიდან 1 კილო და 824 გრამი ტროტილი, 6 ცალი ცეცხლგამტარი ზონარი და კაფსულ-დეტონატორი ამოიღო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მ-ს ტროტილი საჩუქრად მეგობარმა – ჭიათურის რაიონის სოფელ მერევში მცხოვრებმა ლაშა ა-მ გადასცა, რომელმაც აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერება რამდენიმე წლის წინ ჭიათურაში თავად მოიპოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლაშა ა. რუსთავში, მეუღლის მშობლების სახლში დააკავეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გადაზიდვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.