ლევან მაჭავარიანი “ნაციონალების” მიერ გავრცელებულ ვიდეოებს ეხმაურება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “იმედის კვირაში” მან აღნიშნა, ასეთი ვიდეოჩანაწერები საპატრულო პოლიციაში ყოველდღიურად კეთდება.
“ჩვენს საზოგადოებას შესთავაზეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისეთი არაფერია აღბეჭდილი, გარდა საპატრულო პოლიციის ყოველდღიური მუშაობისა თავის ნიუანსებით. ასეთი ვიდეოჩანაწერები ყოველდღიურად კეთდება საპატრულო პოლიციაში. ამ ჩანაწერებთან ერთად საზოგადოებას შესთავაზეს მზა დასკვნა იმის თაობაზე, თუ რა ხდება. თურმე ხდება ის, რომ საპატრულო პოლიციაში იმისთვის, რომ პატრულ-ინსპექტორი ასრულებს კანონის მოთხოვნებს, უშვებენ სამსახურიდან. ორივე ვიდეოზე იყო ასეთი დასკვნა გაკეთებული. აქცენტი იყო არა იმაზე, თუ რა მოხდა, არამედ იმაზე, რომ პატრულ-ინსპექტორები გაუშვეს სამსახურიდან”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე განმარტებით, ვიღაც ცდილობს საპატრულო პოლიციის მუშაობის და იმიჯის დისკრედიტაციას. “არავის ახსოვს ის შემთხვევა, როდესაც 2 თვის წინ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა დახვდა 3 ტყვიას, არავის ახსოვს ის, რომ როდესაც ეს ვიდეოები დაიდო, იმ დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს 6.5 კგ კოკაინი”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება გამოქვეყნებული შემთხვევის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გათავისუფლებას, როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ამ შემთხვევების გამო სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებიათ.