შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან

  „საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს რეგიონის ცენტრი ვაჭრობისა და ბიზნესის კეთების მიმართულებით და რეგიონული ბაზა მულტინაციონალური საწარმოებისთვის,“–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ მაიკლ ფრომთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
პრემიერის განმარტებით, საქართველო აგვისტოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ელოდება, რაც ახალ პერსპექტივას მისცემს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებსაც საქართველოში ბიზნესი გააჩნიათ.
„საქართველო, ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს გარდა, ბიზნესმენებს სთავაზობს რეგიონში საუკეთესო საჯარო სერვისებს, ყველაზე დაბალ კორუფციას და კრიმინალის დონეს, მარტივ საგადასახადო სისტემას და სწრაფად განვითარებად ინფრასტრუქტურას, საკუთრების და საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, თავისუფალ სასამართლო სისტემაზე თავისუფალ წვდომას, ეფექტურ ფინანსურ სისტემას, გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემოს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. გარდა ამისა, ხორციელდება საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები ბაზარზე თავისუფალი და გამჭვირვალე კონკურენციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს რეგიონის ცენტრი ვაჭრობისა და ბიზნესის კეთების მიმართულებით და რეგიონული ბაზა მულტინაციონალური საწარმოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ მაღალი დონის დიალოგს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. მისივე თქმით, საქართველოს, საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობიდან და არსებული ბიზნესგარემოდან გამომდინარე, შეუძლია, გზა გაუხსნას ამერიკულ კომპანიებს რეგიონში.
პრემიერმა მაიკლ ფრომანს შესთავაზა, პროცესში კერძო სექტორის გააქტიურების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს აშშ-ში ქართული სავაჭრო დელეგაციის მივლინება, ხოლო ამერიკულმა მხარემ საქართველოში გააგზავნოს ამერიკული სავაჭრო-საინვესტიციო მისია. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მაიკლ ფრომანიც მიიწვია.
შეხვედრას აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები