„დროა, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალისხმევა არ დაიშურონ საქართველოს მხარდასაჭერად“
დროა, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალისხმევა არ დაიშურონ საქართველოს მხარდასაჭერად – ამ სათაურით გაზეთი „COMMONSPACE“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება. გამოცემის სრულ ვერსიას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავცელებს.
„ამ კომენტატორის სვეტში დენის სემუტი ამტკიცებს, რომ ტაბუ მოხსნილია და საქართველოს უნდა მიეცეს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის პერსპექტივა, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ამაზე რუსეთი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, მომავალი თვეების განმავლობაში უფრო მეტს მოელის ამერიკისა და ევროპისაგან. თეთრ სახლში, პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, ღარიბაშვილმა განუცხადა ატლანტიკის საბჭოს, რომ ნატომ უნდა მიანიჭოს საქართველოს „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა” (მაპი), სექტემბერში ბრიტანეთში დაგეგმილ სამიტზე. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს მისცენ გაწევრიანების რეალური პირობა.
ერთი წლის წინ ორივე მოთხოვნა, უკეთეს შემთხვევაში, ნაადრევად მოეჩვენებოდა ბევრს. იყო ძალიან ბევრი გაურკვევლობა საქართველოს ირგვლივ. საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინერე, კარგი იქნებოდა, ევრაზიის მოვლენებისადმი უფრო დინჯი და ფრთხილი მიდგომა. მიუხედავად ამისა, ამ ორიოდე წლის განმავლობაში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც ცინიკოსებიც კი დააფიქრა, და მათ შორის, მეც. პირველი იყო თავად საქართველოში განვითარებული მოვლენები. ბევრს არ ეგონა, რომ სააკაშვილის დესპოტური ხელისუფლების პირობებში ასე უპრობლემოდ ჩაივლიდა „ქართული ოცნების“ კოალიციისათვის ძალაუფლების გადაცემის პროცესი. კიდევ უფრო ცოტას სჯეროდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის, ვინც დაგეგმა ეს ცვლილებები, ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკას დატოვებდა და მართვის სადავეებს ახალგაზრდა თაობას ჩააბარებდა.
მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი, მართლაც, ასე მოხდა და ამაში წვლილი მიუძღვის ყველას, ვისაც რამე კავშირი ჰქონდა ამ მოვლენებთან, მათ შორის, სააკაშვილსა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ელიტა საგრძნობლად მომწიფდა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებაში გაჩნდა პოლიტიკოსების მიმართ ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ურთულეს სიტუაციებშიც კი. მათ, ვინც ბოლო ორი ათწლეული თვალს ადევნებდა ქართულ პოლიტიკას და ხშირად სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა პოლიტიკოსების წარუმატებლობის გამო, ეს ბოლო ორი წელი სასიამოვნო მოულოდნელობად ექცათ. დღეს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისთვის საქართველო სამაგალითოც კია ზოგიერთ საკითხში. ბევრი პრობლემა რჩება მმართველობისა და დემოკრატიული პროცესების კუთხით, მაგრამ საქართველოს ახლა უდიდესი გამოწვევა აქვს ეკონომიკის მიმართულებით, და ეს არის ის, რაზეც ახალი მთავრობა აკეთებს აქცენტს. საერთაშორისო სფეროში და განსაკუთრებით ევრაზიის მოვლენებთან დაკავშირებით, ბევრი რამ საგრძნობლად შეიცვალა.
გასულ წელს დიდებისა და ძალაუფლების მოყვარულმა რუსეთმა, კიდევ ერთხელ გამოიჩინა ზედმეტი ,,გულმოდგინება”, და ეს არ არის პირველი შემთხვევა. 2013 წელს რუსეთის მცდელობა, რომ ჩაეშალა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგია და ჩაეკლა ზოგიერთი საბჭოთა ქვეყნების ევროკავშირთან მიახლოების სურვილი, ახლა აშკარად ჩაიშალა. უკრაინელმა ხალხმა საკუთარი სისხლის ფასად ჩაშალა რუსეთის მზაკვრული გეგმები. როგორც ჩანს, რუსეთის ერთადერთი ძვირად ღირებული და არათანამიმდევრული პოლიტიკის მონაპოვარი მხოლოდ სომხეთი თუ იქნება. უკრაინაში კიდევ კარგა ხანს იქნება არასტაბილური ვითარება, დასავლეთი კი, არ უნდა შეეცადოს პროცესების დაჩქარებას. უკრაინელებმა თავად უნდა შეძლონ და პოლიტიკური პროცესები ახალ საფეხურზე აიყვანონ, როგორც ეს ქართველებმა მოახერხეს. საქართველო სხვა საკითხია. ახლა საუკეთესო დროა იმისათვის, რომ დღის წესრიგში დადგეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. არასოდეს მგონებია, რომ ნატოს წევრობა პანაცეაა ყველა სიტუაციისათვის – ზოგიერთი ქვეყანისთვის კარგიც კია გვერდზე გადგომა. თუმცა, ქართველმა ხალხმა უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება – ისინი ერთსულოვანი არიან გაწევრიანების საკითხში და ამჟამად ამ საკითხის გადადება გაუმართლებელია. ეს გააღიზიანებს რუსეთს. სწორედ ამიტომაც არ უნდა გადაიდოს ეს საკითხი.
რუსეთს რატომღაც აქვს ვეტოს უფლება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე და ეს უკვე დიდი ხანია ასეა, რაც თავისთავად იწვევს ქვეყნების არასტაბილურობასა და დაუცველობას. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ირღვევა მათი უფლება, თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი. საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის ტაბუ, რომელიც უნდა მოიხსნას. ეს სასარგებლო იქნება როგორც რუსეთისათვის, ისე საქართველოსათვის. მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრობა აღიქმება როგორც უფრო ტექნიკური საკითხი, რომელსაც დრო სჭირდება. და მართლაც, საქართველოსთვის უნდა გამარტივდეს გაწევრიანება. მას ასევე უნდა მოეთხოვოს არსებითი რეფორმების გატარება. დღის წესრიგში საქართველოს გაწევრიანების საკითხის დაყენება განამტკიცებს ბოლო ორი წლის მყიფე პოლიტიკურ მონაპოვარს და მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური მომავალი.
ეჭვს არ იწვევს, რომ ბრიუსელისა და მისი თანამოაზრე წევრი ქვეყნების ბიუროკრატიებს შეუძლიათ მოიფიქრონ ათასგვარი, ხშირად საკმაოდ რეალური სირთულე. სწორედ დღეს არის საუკეთესო დრო იმისათვის, რომ მათ აღიარონ საქართველოს ევროპული მისწრაფებები. ევროკავშირი უნდა დადგეს მოწოდების სიმაღლეზე და შეიტანოს ეს საკითხი დღის წესრიგში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტი ცხადყოფს აშშ-ის კეთილგანწყობას საქართველოსადმი, იგივე შეიძლება ითქვას ევროკავშირზეც. მაგრამ მხოლოდ კეთილგანწყობა არაფერია, თუკი მას არ ახლავს მოქმედება. დროა, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალისხმევა არ დაიშურონ საქართველოს მხარდასაჭრად“, – წერს გამოცემა „COMMONSPACE“-ი.