რა კავშირი აქვს კაზრეთის ოქროს საბადოს თევზის მასობრივ გაწყვეტასთან?

  წინასწარი ინფორმაციით, ბოლნისში მდინარე მაშავერაში თევზის მასობრივი გაწყვეტა კაზრეთის ოქროს საბადოდან ჩაღვრილმა ნივთიერებამ გამოიწვია, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა ნომალ მაისურაძემ განუცხადა.
„სავარაუდოდ, მდინარე მაშავერაში კაზრეთის ოქროს მადნიდან რაღაც ნივთიერება ჩაიღვარა, შესაძლებელია მადნეულში გაწმენდითი სამუშაობი ჩატარდა და ამის გამო ჩვენთვის უცნობი ნივთიერება მდინარეში აღმოჩნდა“, – აღნიშნა ნომალ მაისრაძემ.
მისი თქმით, ეს მდინარე მაშავერაში თევზის მასობრივი გაწყვეტის პირველი შემთხვევა არ არის და ანალოგიური სიტუაცია ბოლნისში ორი წლის წინათაც მოხდა.
„დილიდანვე ჩვენი სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მდინარე მაშავერის სანაპიროზე წყალმა უამრავი მკვდარი თევზი გამორიყა. გარდა ამისა, შესაძლებელია მოწამლული თევზების რაოდენობა გაცილებით უფრო მეტი იყოს, რადგან მდინარის დინებამ ისინი თან წაიღო. ლაბორატორიის თანამშრომლებმა წყლის სინჯი უკვე აიღეს და ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ადგილობრივი მოსახლეობა ამ თევზებს საკვების მისაღებად აგროვებდა, თუმცა ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ ეს შეიძლება მათ ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს და მოიწამლონ“, – აცხადებს ნომალ მაისურაძე. მისი თქმით, მდინარე მაშავერის წყლის სინჯების ლაბორატორიული შემოწმების დასკვნა ამ დღეებში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ბოლნისში, მდინარე მაშავერის სანაპიროზე წყალმა ათასობით მკვდარი თევზი გამორიყა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები