ტყვე “კიბორგების” შეურაცხყოფისთვის პოლონელ პროფესორს ციხე ემუქრება
უკრაინელი სამხედროების შეურაცხყოფა პოლონელ პროფესორს შესაძლოა 3 წლამდე პატიმრობად დაუჯდეს. ამ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „ობოზრევატელი“ ავრცელებს. წყაროს ცნობით, პოლონური ქალაქის ვროცლავის პროკურატურამ ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორის ბოგუსლავ პაზის მიმართ ძიება უკვე დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა დონეცკის აეროპორტის დამცველების ტყვეობის ამსახველ ვიდეორგოლზე პროფესორის კომენტარი ფეისბუქში, სადაც მან დაწერა: „სასიამოვნოა, როდესაც ბანდერელმა მძორმა თავში ასე მიიღო. აბა არ უყვარს რუსები? ამ ნაძირლებს სამწუხაროდ ასეც უნდა მოექცე“.
როგორც ვროცლავის საოლქო პროკურორის პრეს-მდივანმა მალგოჟატა კლაუსმა განაცხადა, გამოძიება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 256 და 257 მუხლებით მიმდინარეობს, რაც „სამოქალაქო ნიშნით ადამიანების სიძულვილისკენ მოწოდებას და ეროვნული ნიშნით ადამიანთა ჯგუფის შეურაცხყოფას“ გულისხმობს. კლაუსის თქმით, თუკი პროფესორს ხსენებული მუხლებით დამნაშავედ ცნობენ, მაშინ მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გარდა ამისა სააგენტო „joinfo.ua“-მ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვროცლავის უნივერსიტეტმა მომხდართან დაკავშირებით ბოგუსლავ პაზი სამსახურიდან გაანთავისუფლა.