ირაკლი შოთაძე: იური ვაზაგაშვილის საქმეზე მთელი რიგი გარემოებები გამოიკვეთა
მთავარი პროკურატურა 24 საათის განმავლობაში აკეთებს ყველაფერს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გაიხსნას, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში, გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქმის გამოძიება წინ არის წასული, გამოკვეთილია მთელი რიგი ვერსიები და პროკურორებს დიდი იმედი აქვთ, რომ საქმე აუცილებლად გაიხსნება.
“ამ ეტაპზე მე დეტალურად არ შემიძლია საუბარი იმაზე, რა მოიპოვა გამოძიებამ საქმეში, ვმუშაობთ ვერსიებზე, ასეთი ვერსია რამდენიმეა, რა თქმა უნდა, საქმეში არის წინსვლა, 11 დღით ადრე გაცილებით ნაკლები ვიცოდით ვიდრე დღეს ვიცით, ჩვენ ვმუშაობთ ამ ვერსიებზე, მაგრამ ჩასატარებელია საგამოძიებო მოქმედება. ეს საქმე ცხელ კვლაზე ვერ გაიხსნა იმიტომ, რომ მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე წინ არის წასული, გვაქვს ვერსიები, გამოიკვეთა მთელი რიგი გარემოებები, მგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ვისაუბრებ, მე ვთხოვ ყველას გამოიჩინონ მოთმინება, რომ მიეცეს პროკურატურას საქმის გამოძიების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.