დასრულდა კონფერენცია კულტურის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების შესახებ

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დასრულდა კონფერენცია კულტურის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების შესახებ – ღონისძიებამ დასაბამი დაუდო კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პროცესს.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. ღონისძიებას უძღვებოდნენ მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და კულტურის პოლიტიკის საერთაშორისო მრჩეველი რაგნარ სიილი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია.
გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პატნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების რეკომენდაციები. აღნიშნული გზამკვლევი შემუშავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში. ღონისძიებაზე, კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსიები საერთაშორისო ექსპერტებთან შემდეგ სფეროებში – კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეებმა გააანალიზეს არსებული პრობლემები და ამოცანები, ასევე წარმოადგინეს გადაჭრის გზების თავიანთი ხედვა.
კონფერენციის მიზანი გახლდათ კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესება და „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობა. ასევე, ძირითადი პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრისათვის შესაძლო გზების ძიება.
კონფერენციის ფარგლებში გამოთქმული რჩევები და მოსაზრებები, დოკუმენტური სახით განთავსდება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – www.culturepolicy.ge.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის შედეგად მიღებულ იქნება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლები), რომლებსაც 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
„კულტურა 2025-ის“ მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ხაზს გაუსვამს კულტურის თანდაყოლილ ღირებულებასა და მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებაში. სამოქმედო გეგმის მიზანია განსაზღვროს მოკლევადიანი პრიორიტეტები და ქმედებები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ასაღორძინებლად. ასევე, აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
კულტურული პროცესების მართვის ხელშესაწყობად, „კულტურა 2025-ის“ სტრატეგიის შემუშავების პრინციპებად გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა განისაზღვრა. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება ღია მონაწილეობის მეთოდით განხორციელდება და მასში ჩაერთვებიან საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების (ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედებითი ინდუსტრიების) წარმომადგენლები.
სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აყალიბებს საკოორდინაციო ჯგუფს. ჯგუფის წევრები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორიდან შეირჩევიან. საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სამმართველო წარმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები