“სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტირება უნდა მოხდეს“
„სითი პარკის“ ჯარიმებთან დაკავშირებით საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებულ დემოკრატებს“ გარკვეული ინიციატივები აქვს. როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ფრაქციის წევრმა შალვა ოგბაიძემ განმარტა, „სითი პარკი“ მოქალაქეებს ჩუმად და მიპარვით ისე აჯარიმებს, რომ ისინი ვერც კი გებულობენ, რა რაოდენობის ჯარიმა გამოუწერეს.
ოგბაიძის განცხადებით, ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ ინიციატივით,“სითი პარკის“ მიერ გამოწერილი იმ ჯარიმების ამნისტირება უნდა მოხდეს, რომლის საქმის კურსშიც მოქალაქეები არ არიან.
„ამ მოთხოვნით ჩვენი ფრაქცია დღესვე მიმართავს თბილისის მერიას, რომ მან ჯარიმიდან თავის წილზე – თანხის 60% -ზე უარი თქვას, პარტნიორ „სითი პარკს“ მოუწოდოს, გამოიჩინოს კეთილი ნება და უარი თქვას ძნელად ადმინისტრირებად და რთულად ამოღებად თანხებზე. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარდა მოქალაქეს, ის ძალაში ვერ შედის, ამიტომ ეს საქარე მინაში ჩარჭობილ ფურცლებზე გამოწერილი ჯარიმები არ არის ამოღებადი. ამ ნაწილში ფინანსური ამნისტია გამართლებულია. 90%- ზე მეტ საქარე მინაში გაკეთებულ ჯარიმას არავინ იხდის“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.