„30 წლის შემდეგ ევროკავშირის არც ერთი წევრი G7-ის შემადგენლობაში აღარ იქნება“

მსოფლიოში განვითარებული გლობალური ეკონომიკური პროცესების ფონზე ევროკავშირს სერიოზული ცვლილებები ელის. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა ფრანგული გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„30 წლის შემდეგ ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა აღარ იქნება G7-ის წევრი“, – განაცხადა იუნკერმა.
როგორც მან აღნიშნა, თუ 1900 წელს ევროპაში მსოფლიოს მოსახლეობის 20 პროცენტი ცხოვრობდა, 2100 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4 პროცენტი იქნება. ამ კონტექსტში, იუნკერი დარწმუნებულია, რომ სპეკულაციები საბერძნეთის ევროზე შესაძლო უარის შესახებ და მისი ევროკავშირიდან გამოსვლა – კონტრპროდუქტიულია.
„ჩვენ ისედაც ყველაზე პატარა კონტინენტზე ვცხოვრობთ. დაყოფაზე საუბარი უადგილოა“, – განაცხადა იუნკერმა.
გარდა ამისა, ევროკომისიის თავმჯდომარემ საბერძნეთის საგარეო ვალის ჩამოწერის შესაძლებლობა გამორიცხა.
„ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ევროს ზონის დანარჩენი ქვეყნები ამას მხარს არ დაუჭერენ. ჩვენ პატივს ვცემთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საბერძნეთში, მაგრამ საბერძნეთმაც დანარჩენებს პატივი უნდა სცეს“, – აღნიშნა იუნკერმა.
მისი თქმით, გარკვეული შეღავათები ადრე უკვე ამოქმედდა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის საგარეო ვალი 318 მილიარდ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები